OpenAI-ის შეფასების $150 მილიარდამდე ზრდას ვარაუდობენ

ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის, The New York Times-ის ინფორმაციით, ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI ახალ საინვესტიციო რაუნდს ატარებს, რომლის ფარგლებში, კომპანია $150 მილიარდადაა შეფასებული, რაც ივნისის შემდეგ ფაქტობრივად გაორმაგებული მაჩვენებელია. თუ გარიგება შედგა, რისი პროგნოზირებაც, ამ ეტაპზე, რთულია, ბაზარი მიიღებს გზავნილს, რომ ინვესტორების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესი, ესე იგი, ბოლომდე ჯერ არ განელებულა. ამ ინტერესმა, როგორც იცით, OpenAI მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ სტარტაპად აქცია, ჩინური ByteDance-ისა და ილონ მასკის SpaceX-ის შემდეგ.
საინტერესოა, რომ ერთი კვირის წინ, OpenAI-ის მიზნებს შორის $1 მილიარდის მოზიდვა იყო ($100-მილიარდიანი შეფასებით), მაგრამ ერთ კვირაში, როგორც ჩანს, ვითარება დრამატულად შეიცვალა, რაც, შესაძლოა, კომპანიის მიერ გამოშვებულ ახალ მოდელთან, o1-თან იყოს დაკავშირებული. ეს OpenAI-ის პირველი მოდელია, რომელსაც ფიქრი შეუძლია, რაც ხელოვნური ზოგადი ინტელექტის შექმნის მიმართ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ინვესტიციის გარდა, რომლის ბენეფიციარებს შორის Microsoft-ი და Apple-ი ფიგურირებენ, OpenAI-ში ბანკებისგან $5-მილიარდიანი საკრედიტო ხაზის გამოყოფაზეც მუშაობენ.
თუკი OpenAI-მ $150-მილიარდიანი შეფასებით $6.5 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა, რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდება:
— OpenAI-ის შეფასება თითქმის ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე ამერიკული Intel-ის;
— 2006 წლის შემდეგ დაფიქსირებული რიგით მეხუთე ყველაზე მასშტაბური ვენჩურული გარიგება იქნება;
— კომპანია, ფაქტობრივად, ვალდებული იქნება, IPO-ზე გავიდეს, რისთვისაც ის სრულად მოგებაზე ორიენტირებულ კომერციულ ორგანიზაციად უნდა გადაკეთდეს.

ასევე დაგაინტერესებთ