“თებერვლიდან ექვს ქვეყანაში შევალთ” – TelAgri ფართოვდება

სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიაა პლანეტაზე და ნელ-ნელა, ეს ტენდენცია საქართველოშიც შემოდის. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ფერმერებს ჭკვიანი გადაწყვეტების დანერგვაში ეხმარება – TelAgri-ია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ფერმერებს და აგრონომებს ერთმანეთს აპლიკაციის საშუალებით აკავშირებს და ასე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
TelAgri-ის ნოუჰაუ მუშაობს, რაზედაც მიუთითებს, როგორც კომპანიის მიერ “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვება, ასევე რეგიონული გაფართოება, რომელსაც TelAgri-ის თანადამფუძნებელი თებერვლიდან აანონსებს. ირაკლი ჩიქავას თქმით, 2025 წლის დასაწყისიდან, ქართული კომპანია ექვს ბაზარზე იქნება წარმოდგენილი, ესენია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უზბეკეთი და ყაზახეთი.
“ბიზნესის გეოგრაფიულ გაფართოებაზე საუბრისას, ქვეყანას ორი პარამეტრით ვაფასებთ, ესენია – აგრარული წარმოება და აგრონომების დეფიციტი. მსოფლიო რუკას რომ შევხედოთ, ქვეყნების 80%-ში აგრონომების დეფიციტს დავინახავთ. თუმცა აქ კიდევ ერთი კრიტერიუმი შემოდის – განვითარების დონე, რადგან ფერმერებს უნდა ჰქონდეთ ინტერნეტი და ტელეფონი. ამ ბაზრებს იმ კავშირების გამოყენებას ვიწყებთ, რომელთაც საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან ვამყარებთ.
ასე გამოვიდა, რომ საქართველოს გარდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უზბეკეთი და ყაზახეთი არის ის ქვეყნები, სადაც სოფლის მეურნეობა ვითარდება, ინვესტიციები იდება, მაგრამ პროცესებს ცოდნა არ მიყვება. ამგვარად, ამ ბაზრებზე შესვლა ჩვენთვის ძალიან კარგი პლატფორმაა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქავამ TECH INFORM-ში.
რეგიონული გაფართოების მიუხედავად, TelAgri-ის თანადამფუძნებელი ბევრს საუბრობს საქართველოზე და ამბობს, რომ კომპანიის მიზანია, ყველა სიკეთე მშობლიურ ქვეყანაში ჩამოიტანოს. ირაკლი ჩიქავამ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხედვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონის აგრონომიულ ცენტრად უნდა იქცეს.
“ჩვენი კომპანია აგრიტექში ოპერირებს, ანუ სოფლის მეურნეობის და ტექნოლოგიების გადაკვეთაზე. პროცესებში აქტიურად დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რამაც კონსულტაციების ავტომატიზაციის საშუალება მოგვცა, რაც პროდუქტს აიაფებს და მას უფრო ხელმისაწვდომს ქმნის.
თუმცა ასევე გვინდა, საქართველო აგრონომიული ცოდნის თავშეყრის ადგილად იქცეს, რისთვისაც დიდი აგრონომიული კონფერენციის ჩატარებას ვგეგმავთ, რომლისთვისაც უცხოელ აგრონომებს ჩამოვიყვანთ და ქართველ აგრონომებს შევახვედრებთ.
თუ ლონდონი ან ნიუ-იორკი ფინანსური ცენტრია, რატომ არ შეიძლება, რომ საქართველო აგრონომიული ცოდნის თავშეყრის ადგილი გავხადოთ?”, – განაცხადა ირაკლი ჩიქავამ TECH INFORM-ში.

ასევე დაგაინტერესებთ