„ცენტრიდან ავტომობილი თითქმის ყოველდღე იყიდება“ – „ლექსუს თბილისმა“ წელს, რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

მიმდინარე წელი „ლექსუს თბილისისთვის“ გაყიდვების თვალსაზრისით სარეკორდოა, კომპანიამ წლის განმავლობაში 900-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, ამის შესახებ „ლექსუს თბილისის“ დირექტორმა შალვა ციხელაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა.
„მიმდინარე წელი გაყიდვების თვალსაზრისით არის რეკორდული გამომდინარე იქიდან, რომ „ლექსუს თბილისმა“ 900-ზე მეტი ახალი ავტომობილი გაყიდა.

ცხადია, მნიშვნელოვანი ზრდაა წინა წლებთან შედარებით, თუმცა ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ მოთხოვნის გაზრდიდან. „ლექსუსის“ სამოდელო ხაზი თითქმის მთლიანად განახლდა, გაყიდვაში დაგვემატა ახალი მოდელები, პანდემიის შემდგომი კრიზისიც და სათადარიგო ნაწილების დეფიციტიც ფაქტობრივად დაძლეულია. სწორედ ამ პირობებმა განაპირობა 2022 წლის გაყიდვების მაჩვენებლის გაორმაგება 2023 წელს.
საქართველოში, ყველაზე პოპულარული „ლექსუსის“ მოდელები გახლავთ LX, RX, GX, NX. ჩვენი ქვეყნის რელიეფის გათვალისწინებით, მომხმარებლები ამჯობინებენ მაღალი გამავლობის ავტომობილებს. ჩვენი ცენტრიდან ავტომობილი თითქმის ყოველდღე იყიდება, შესაბამისად ბოლო გაყიდული ავტომობილი სულ რამდენიმე საათს ითვლის“, – ამბობს შალვა ციხელაშვილი.
რაც შეეხება ფასების ცვლილებას, მისი თქმით, ახალი მოდელის ფასი ყოველთვის უფრო მაღალია წინა მოდელებთან შედარებით. გარდა ამისა, მისი ვარაუდით, ავტობაზარზე „ლექსუსი“ შარშანდელის მსგავსად წელსაც შეინარჩუნებს პრემიუმ სეგმენტის ლიდერობას.
„ამ ინფორმაციის შეჯამება წლის ბოლოს მოხდება, თუმცა ამხელა ზრდა, ვფიქრობთ, ნიშნავს რომ წელსაც შევინარჩუნებთ პრემიუმ სეგმენტის ლიდერობას.
მიგვაჩნია, რომ საიმედო, დახვეწილი და უსაფრთხო ავტომობილების გარდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომსახურების ხარისხს. „ლექსუსის“ მომხმარებლებს ჩვენს შოურუმში ვმასპინძლობთ ისე, როგორც სტუმრებს საკუთარ სახლში. ჩვენი ბრენდის ფილოსოფია იაპონური სტუმარმასპინძლობის ტრადიციაზე დგას, რომელსაც „ომოტენაში“ ეწოდება. სტუმართმოყვარეობა ქართული და იაპონური კულტურის ის საერთო ღირებულებაა, რომელიც გვეხმარება ბრენდის ფასეულობების შეცნობასა და სრულად აღქმაში. ვფიქრობ, ამ მსგავსებამ მნიშვნელოვნად გაგვიმარტივა „ლექსუსის“ ფილოსოფიის ადგილობრივი მომხმარებლებისთვის გადაცემა.
ვფიქრობ, სწორედ გულწრფელობაზე და ადამიანურ ურთიერთობებზე დაფუძნებული მომსახურება არის ის მთავარი უპირატესობა, რომელიც გვეხმარება ლიდერის პოზიციის შენარჩუნებაში“, – ამბობს „ლექსუს თბილისის“ დირექტორი.
შალვა ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი გამოწვევები ავტომწარმოებლებმა უკვე უკან მოიტოვეს და ნელ-ნელა მოთხოვნა-მიწოდების ჩვეულ ციკლს უბრუნდებიან.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ლექსუს თბილისმა“ ცოტა ხნის წინ წარადგინა სრულიად ახალი მოდელი Lexus LM, რომელიც პირველად არის ხელმისაწვდომი საქართველოში, მომავალ წელს კი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოდელს, განახლებულ Lexus GX-ს შესთავაზებენ მომხმარებლებს.
„ლექსუს თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს.