რა შენიშვნები აქვს კერძო სექტორს სამედიცინო აღჭურვილობის კანონპროექტზე? – ასოციაციის განმარტება

პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომელიც აღნიშნული პროდუქტის წარმოების, იმპორტისა და დისტრიბუციის საკითხებს დაარეგულირებს.
კერძო სექტორი სამედიცინო მოწყობილობების რეგულირების მომხრეა, თუმცა როგორც სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელთა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მამუკა ლოლაძე “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ქართულ რეალობასთან თანხვედრაში არ არის.
მამუკა ლოლაძე ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში სამედიცინო მოწყობილობები, ფაქტობრივად, არასდროს მოქცეულა რეგულაციების ქვეშ, ევროკავშირის დირექტივების პირდაპირ გადმოღება შედეგს ვერ გამოიღებს.
“ქვეყანაში სამედიცინო მოწყობილობებთან დაკავშირებით, ჩავთვალოთ რომ საბჭოთა კავშირის მერე, არანაირი რეგულაცია არ არსებობდა. 90-იანი წლების ბოლოს იყო პერიოდი, როდესაც სამედიცინო მოწყობილობების იმპორტი რაღაც რეგულაციებს ექვემდებარებოდა, თუმცა ბენდუქიძის დროს ესეც მოიხსნა. მაშინაც ეს სუფთა დოკუმენტური ხასიათის იყოს და არსებით ჩაღრმავებებს არ მოიცავდა. მას შემდეგ დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია, როგორც იმპორტის, ისე მოვლა-გამოყენების კუთხით, რაც ევროკავშირში დამკვიდრებულია.