„როცა ჩვენი მებრძოლები შავ ზღვას რუსული სამხედრო დანაყოფებისგან ათავისუფლებენ, ჩვენ ვუმტკიცებთ მსოფლიოს, რომ ყოვლისშემძლე აგრესორები არ არსებობენ“, – ამ სიტყვებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში „ყირიმის პლატფორმაზე“ შეკრებილ დასავლელ ლიდერებს მიმართა და რუსული აგრესიის შესაჩერებლად ერთობლივი ძალისხმევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. უკრაინის დედაქალაქმა მეოთხე სამიტსა და სხვადასხვა ქვეყნის 60 წარმომადგენელს უმასპინძლა. კონფერენციის მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი და კიევის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური არსებული მხარდაჭერის მეტად გაზრდა იყო. დასავლური სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ომში უკრაინის გამარჯვება ევროპისა და გლობალური მშვიდობის, ხოლო კრემლის წარმატება ავტორიტარიზმის განმტკიცების გარანტიაა. დასავლელმა პარტნიორებმა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები დაგმეს და მოსკოვი საერთაშორისო სამართლის ნორმების დამრღვევად შეაფასეს, ეროვნული ინტერესებისადმი ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა კი სტალინურს შეადარეს.
„ეს ომი ყოველდღიურად უფრო იზრდება და საფრთხის შემცველი ხდება. 2014 წელს დანაშაულებრივი გეზის არჩევით, რუსეთმა საერთაშორისოდ დაიმკვიდრა სამართალდამრღვევის ადგილი და ყოველწლიურად უფრო ღრმად ხვდება თავისსავე ხვრელში. დღეს აქ უკრაინის დასახმარებლად ვართ. ლიეტუვა არასდროს აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიასა და უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მოვითხოვთ, რომ რუსეთმა პატივი სცეს საერთაშორისო სამართალსა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ყირიმელი თათრების დევნა და დაასრულოს 10-წლიანი ომი“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
„ამ და მომდევნო წლებში ლატვიის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25% მიმართული იქნება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ მესამე დახმარების პაკეტს, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო შეიარაღებას, მათ შორის, სპეციალურ ტრანსპორტსა და დრონებს. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ დამატებით 4 000-ზე მეტი ჯარისკაცის გაწვრთნასა და იარაღით მომარაგებას. უკვე ვამზადებთ დახმარების მორიგ პაკეტს 2025 წლისთვის“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ.
„აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ გეგმა, სტრატეგია და ის საჭიროებები, რაც უკრაინისთვის ფრონტზეა აუცილებელი. შეიარაღების გარდა, რა თქმა უნდა, მომდევნო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანია გავწიოთ სხვა ტიპის ძალისხმევაც, მაგალითად, ფრონტზე ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისითაც. ყურადღებით ვისმენთ უკრაინის პოზიციას და განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც უკრაინის გამარჯვებისთვის აუცილებელია“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ.
„ყირიმის პლატფორმაზე“ მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტიც. სამიტის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმა ონლაინჩართვისას მიმართა. უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მან დასავლელი ლიდერების მოწოდებები გაიზიარა და აღნიშნა, რომ რუსეთის იძულება პატივი სცეს სახელმწიფოთა ინტერესებს არა მხოლოდ კიევისთვის, არამედ თბილისისა და კიშინიოვის უსაფრთხოებისთვისაცაა მნიშვნელოვანი.
„ეს ომი, მართლაც, ეხება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას, საზღვრების პატივისცემასა და ერების უფლებების დაცვას, იცხოვრონ მშვიდობიანად. და იმ დროს, როცა უკრაინა თავისი და ევროპის თავისუფლებისათვის ბრძოლას განაგრძობს, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველი ხალხი თქვენ გვერდით დგას, მსოფლიო დგას თქვენ გვერდით და ჩვენ ერთად დავანახებთ, რომ თავისუფალ მსოფლიოს ვერ შეაშინებს ის, ვისაც დაყოფა, განადგურება და დაპყრობა სურს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე მიმართვისას.
ისევე როგორც გასული თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, „ყირიმის პლატფორმის“ ფორმატშიც უკრაინის ხელისუფლების პოზიცია არ შეცვლილა. კიევი კვლავ მოითხოვს ნებართვას, გამოიყენოს შორი მოქმედების დასავლური შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე. ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ სხვაგვარად მოსკოვის აგრესიული ქმედებების შეჩერება შეუძლებელი იქნება.
კიევის მხარდამჭერი გზავნილების პარალელურად მოსკოვი უკრაინის ომს საკუთარ პარტნიორებთან კრემლის პერსპექტივიდან განიხილავს. რუსეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ დასავლეთს არა ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება, არამედ დამატებითი სამხედრო ესკალაცია სურს.
უკრაინაში კი ომის 932-ე დღეა. მოსახლეობას კვლავ საჰაერო განგაშის სირენების თანხლებით უწევთ ცხოვრება. სამხედრო კონფლიქტის გადასაწყვეტად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად დასავლელი პარტნიორები უკვე ამზადებენ დახმარების ახალ პაკეტებს. ახლა კიევის საკითხი ევროპული სახელმწიფოების საერთო თანხმობასა და ამერიკის შეერთებული შტატების 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეცაა დამოკიდებული.
წყარო: euronewsgeorgia