“ვცდილობთ, ხარისხსა და ფასს შორის ოქროს შუალედი დავიჭიროთ” – ტაქსის ახალი ქართული აპლიკაცია “რაში”

ტაქსის გამოძახების ახალი ქართული აპლიკაცია “რაში” რამდენიმე კვირაა ამოქმედდა და არასრულ ერთ თვეში 40 ათასამდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს – ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნოდარ ლაცაბიძემ განუცხადა.
“სტარტაპზე მუშაობა 9-10 თვის წინ დავიწყეთ, აქტიურად კი არასრული ერთი თვეა გავეშვით. “რაშის” შექმნის მიზანი იყო, რომ ქართული, ხარისხიანი პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც მომხმარებელს ხელმისაწვდომი მგზავრობის შესაძლებლობას მისცემდა. ვხედავდით, რომ ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობა იყო, ტაქსის არსებული კომპანიები კი ვერ პასუხობდნენ მომხმარებლის საჭიროებებს. ვხედავდით, რომ ზოგი კომპანია მომხმარებელს განზრახ გაბერილ ფასებს სთავაზობდა; იყო შემთხვევები, როდესაც კომპანიები არ აკონტროლებდნენ მანქანის გამართულობას ან სისუფთავეს, მძღოლებთან მიმართებით კი უყურადღებობას იჩენენ. ჩვენი მიზანია, პრიორიტეტად დავისახოთ არა მხოლოდ მომხმარებელი, ასევე მძღოლებსაც კომფორტული სამუშაო გარემო შევუქმნათ.
მომხმარებლის მხრიდან ძალიან მაღალი აქტივობა მივიღეთ, შეიძლება ითქვას, დაგეგმილზე მეტიც კი. არასრულ ერთ თვეში აპლიკაციაში 38 000-ზე მეტი მომხმარებელი და 1 500-მდე მძღოლია რეგისტრირებული. დიდი მოთხოვნაა კორპორაციული მიმართულებითაც, რაზეც ვმუშაობთ და სულ მალე კორპორაციულ შეთავაზებებსაც წარვადგენთ”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
“რაშის” ვებგვერდზე მითითებულია, რომ მძღოლებისთვის სამუშაო პირობები 5%-იან მომსახურების საკომისიოსა და მძღოლსა და მგზავრს შორის არსებული დისტანციის ანაზღაურებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ტარიფებს, ნოდარ ლაცაბიძე განმარტავს, რომ მგზავრობის ღირეულება კილომეტრაჟით გამოითვლება, საშუალოდ კი, 6-8 ლარს აღწევს.
“მგზავრობის ფასი გამოითვლება კილომეტრაჟისა და დროის მიხედვით, თუ რა დრო სჭირდება ამ მანძილის დაფარვას. ჩვენი კომპანიის მთავარი კონცეფცია დაბალი ფასებია და ჩეკის საშუალო ხომა 6-8 ლარიამდეა, რაც, ვფიქრობთ, ხელმისაწვდომი და მიმზიდველი ფასია მომხმარებლისთვის.
მისაღები ფასების შენარჩუნება, ხარისხის გაფუჭების გარეშე, ყველაზე დიდი გამოწვევაა. არ გვინდა, მომხმარებელს დაბინძურებული, ცუდ მდგომარეობაში მყოფი მანქანა დავახვედროთ, ან ფასები გავზარდოთ… ხარისხსა და ფასს შორის ოქროს შუალედი დავიჭიროთ”, – აღნიშნავს “რაშის” მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ლაცაბიძის განმარტებით, ჯერჯერობით თბილისზეა კონცენტრირებული, მოგვიანებით კი საქართველოს დიდ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებშიც გამოჩნდება. მისივე თქმით, ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც აპლიკაციაშია, ერთი თვის ვადაში გამოსწორდება.
“[მისამართების] ძებნის საკითხს რაც შეეხება, ტექნიკური გუნდი უკვე მუშაობს და ძალიან მალე, მაქსიმუმ 1 თვის ინტერვალში, ყველა მცირედი ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდება. ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და კომპანია აპირებს, რომ ამ მიმართულებით ჩადოს ინვესტიცია”, – ამბობს ლაცაბიძე.
“რაშის” აპლიკაციაში მომხმარებლისთვის Basic, Comfort და Bus Lane კატეგორიებია ხელმისაწვდომი, მოგვიანებით კი კომპანია “მინივენისა” და “შინაური ცხოველის გადაყვანის” სერვისების დანერგვასაც გეგმავს.