საფრთხე ყველასათვის? – სასამართლოს გადაწყვეტილება „აირჩიე ევროპის” წევრების ფინანსებთან წვდომაზე – Netgazeti • აირჩიე ევროპა • ანტიკორუფციული ბიურო • Netgazeti.ge

სასამართლომ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა, რომელიც უწყებას უფლებას აძლევს, მოძრაობის და მისი წევრების ფინანსების შესახებ მიიღოს ინფორმაცია ბანკებიდან.
13 სექტემბერს მოძრაობის წევრებმა ამ გადაწყვეტილებას სახიფათო უწოდეს და განაცხადეს, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„აირჩიე ევროპა“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც 11 ივლისს დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები არიან- უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, თსუ-ის პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ექსპერტი გიორგი რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი და ბიზნესმენი ივა ჭყონია არიან.
მოძრაობის გაცხადებული მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
იურისტი კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან „აირჩიე ევროპას“ პოლიტიკური მიზნები არ აქვს და შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს ეს მოთხოვნა მოძრაობაზე არ ვრცელდება:
„კანონი, რომელიც არეგულირებს ამ საკითხებს და მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, ამბობს ერთ მარტივ რამეს – მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია წვდომა ჰქონდეს ანტიკორუფციულ სამსახურს ამა თუ იმ პირის ინფორმაციაზე, თუ ეს პირი არის გაცხადებული სარჩევნო მიზნის სუბიექტი. ჩვენ ვსვამთ მარტივ კითხვას, ფიზიკური პირები ნიკოლოზ შურღაია, ივა ჭყონია, ან ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ არიან გაცხადებული საარჩევნო მიზნის სუბიექტები?!
ამ კითხვაზე პასუხი არის თვითონ კანონში, რომელიც ამბობს, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზანი იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს პირს, თუ მას აქვს გაცხადებული არჩევნებში მონაწილეობა და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა. არსად, არასოდეს “აირჩიე ევროპას”, ისევე, როგორც ფიზიკურ პირებს, არ გაუკეთებიათ განცხადება ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით.
საქართველოში პირველად ტარდება სრულად პროპორციული და რომც გაეკეთებინათ ასეთი განცხადება, რანაირად უნდა მიიღოს ფიზიკურმა პირმა სრულად პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა?! ასეთ მარტივ რაღაცებზე საქალაქო სასამართლომ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება“ ,— ამბობს კოჟორიძე.
მისი თქმით, სასამართლოში ანტიკორუფციული ბიურო აცხადებდა, რომ მოძრაობას საარჩევნო მიზანი ჰქონდა. ის კი, რაც ამგვარ მიზნად მიიჩნია სასამართლომ, კოჟორიძის თქმით, სამოქალაქო პოზიციაა:
„სამართლებრივი დასაბუთება ეს ჰქონდათ, როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზანი ჰქონდათ, მაგრამ მე ვერ დავარქმევ ამას პოლიტიკურ განცხადებას. ეს არის სამოქალაქო პოზიცია ამა თუ იმ ადამიანის, რომელიც შეიძლება იბრძოდეს იმისთვის, რომ დიახ, საქართველომ თავისი ისტორიული გზა გააგრძელოს და “აირჩიე ევროპა” სწორედ ამ მიზნით შეიქმნა“, — აცხადებს კოჟორიძე და სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საფრთხეს ხედავს.
იურისტი მიიჩნევს, რომ თუ სასამართლო ამგვარ განმარტებას ძალაში დატოვებს, ეს შესაძლოა ყველა ადამიანს დაემუქროს, რომელიც იტყვის, ამა თუ იმ პარტიას ხმა არ მისცეთო. კოჟორიძე ხაზს უსვამს, რომ საბანკო ინფორმაცია კონფიდენციალურ კატეგორიას განეკუთვნება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
„ნეტგაზეთი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობს ანტიკორუფციული ბიუროსგან განმარტების მოპოვებას, კერძოდ, იმის გარკვევას, თუ როგორ ასაბუთებენ უწყებაში სასამართლოსთვის წარდგენილ აღნიშნულ მოთხოვნას, თუმცა ანტიკორუფციული ბიუროდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
„აირჩიე ევროპა“ – 11 ივლისს ამ სახელწოდებით დაფუძნდა ახალი სამოქალაქო მოძრაობა, რომლის გაცხადებული მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
„აირჩიე ევროპის“ დამფუძნებლები არიან: უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, თსუ-ის პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ექსპერტი გიორგი რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი და ბიზნესმენი ივა ჭყონია.
„აირჩიე ევროპა“ აცხადებდა, რომ 26 ოქტომბრამდე შეეცდებოდა არჩევნებზე პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას. „კამპანიის სახელწოდება იქნება 100 დღე გამარჯვებამდე, რაშიც ჩართული იქნება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველები“, – თქვა მოძრაობის თანადამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ პრეზენტაციაზე. სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნების ცერემონიაზე დამსწრეებს მიმართეს რეჟისორმა მ, მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა, მხატვარმა გოგი-ალექსი მესხიშვილმა, ქორეოგრაფმა ნინო სუხიშვილმა, რეჟისორმა ლევან წულაძემ, მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ და სხვებმა.