კობახიძე შუქრუთელებთან შეხვედრას ჯერჯერობით არ აპირებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, შუქრუთის პროტესტის ორგანიზატორებს „ათობით ათასი ლარის კომპენსაცია“ აქვთ მიღებული.
„ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებით საჭიროა კომპანიისგან, ალბათ, მოლაპარაკებები წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც გვაქვს დღემდე“, — განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს პროტესტის შესახებ, რომელიც ნახევარი წელია მიმდინარეობს.
კითხვაზე, შეხვდება თუ არა აქციის მონაწილეებს, პასუხობს, რომ „ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში უკვე 6 თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ადგილობრივებს მაღაროს შესასვლელი აქვთ დაკავებული და აქვე დადგმულ კარავში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ათენებენ და აღამებენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული.
„რადიკალური ჯგუფის წევრების უმეტესობას, რომლებსაც უკვე 6 თვეა გადაკეტილი აქვთ მაღაროები, საკომპენსაციო თანხები სრულად აქვთ აღებული. აქციის ორგანიზატორ გიორგი ნეფარიძეს და მის ოჯახს 2021 წელს კომპენსაცია სრულად აქვს აღებული – 96 814 ლარი. შედეგად, დასტურდება, რომ როგორც გიორგი ნეფარიძე, ისე აქციის სხვა მონაწილეები ცდილობენ, კომპანიას გამოსძალონ თანხები“, — აცხადებს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია”.
გიორგი ნეფარიძის თქმით კი, ადგილობრივებიდან მაქსიმუმ 5%-ს აქვს აღებული კომპენსაცია და ეს კომპენსაცია სრულად არ შეესაბამება მიყენებულ ზიანს. მისივე თქმით, 96 814 ლარი არ აუღია და კომპანიის მიერ „ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილი გადარიცხვის დოკუმენტი გაყალბებულია.
ვრცლად ამ თემაზე:
სოფელი, რომელსაც შეიძლება მიწამ პირი უყოს

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან