15 წლის წინ შეძენილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, „ავერსი“ სამედიცინო ტურიზმზე გათვლილ სასტუმროს, უნივერსიტეტს და სამედიცინო ცენტრს ააშენებს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რომელიც წლებია „ავერსის“ საკუთრებაშია კომპანია ახალი მულტიფუნქციური კლასტერის სამედიცინო, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და კომერციული ფუნქციებით განვითარება იგეგმება.
ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალებით ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს „ავერსმა“ უკვე მიმართა. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ტერიტორია დაიყოფა სამ საპროექტო ნაკვეთად.
პირველ ნაკვეთზე აშენდება ბლოკი, სადაც განთავსდება სამედიცინო კომპლექსი, სამედიცინო ტურიზმის მიზნებისთვის გათვლილი სასტუმრო და ადმინისტრაციული ნაწილი. ბლოკი შედგება 10 და 35 სართულიანი შენობებისგან.
მეორე ნაკვეთზე განთავსდება ორი 6 სართულიანი ბლოკი, სადაც განთავსდება სამედიცინო/კლინიკური კომპლექსი.
მესამე ნაკვეთზე კი მოეწყობა 10 სართულიანი სამედიცინო კომპლექსი, უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული ნაწილი და საცხოვრებელი ბლოკი (კამპუსი).
ტერიტორია სულ 3 საპროექტო მიწის ნაკვეთად დაყოფილი და თითოეულ ნაკვეთზე სხვადასხვა ფუნქციის პროექტის განვითარება იგეგმება. მთლიანობაში კი, „ავერსი“ გეგმავს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამედიცინო ტურიზმის მიზნებზე გათვლილი სასტუმრო, უნივერსიტეტი, სამედიცინო კომპლექტი, საცხოვრებელი ბლოკი ააშენოს.
„ნაკვეთი 1; ფართობი: 12558 კვ.მ. – საპროექტო შენობა შედგება 1 ბლოკისაგან, რომლის ძირითადი ფუნქციაა: სამედიცინო კომპლექსი, სამედიცინო ტურიზმის მიზნებისთვის გათვლილი სასტუმრო, ადმინისტრაციული ნაწილი. მთლიანი ბლოკი 10 და 35 სართულიანი მოცულობებისგან შედგება. გამოყენების სახეობაა: შერეული – სამედიცინო კომპლექსი, სამედიცინო ტურიზმის მიზნებისთვის გათვლილი სასტუმრო, ადმინისტრაციული ნაწილი. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები : სამი მიწისქვედა და 35 მიწისზედა სართული;
ნაკვეთი 2; ფართობი: 27000 კვ.მ. – საპროექტო შენობა შედგება 2 ბლოკისაგან; ბოჭორიშვილის კლინიკის არსებული შენობის რეკონსტრუირებული ნაწილი და ახალი ნაწილი) რომლის ძირითადი ფუნქციაა: ძირითადი სამედიცინო/კლინიკური კომპლექსი. ორივე ბლოკი 6 სართულიანი მოცულობებისაგან შედგება. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები : სამი მიწისქვედა და 6 მიწისზედა სართული;
ნაკვეთი 3 ; ფართობი: 19720 კვ.მ. – საპროექტო შენობა შედგება 2 ბლოკისაგან, რომლის ძირითადი ფუნქციაა: სამედიცინო კომპლექსი, უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული ნაწილი, საცხოვრებელი ბლოკი (კამპუსი). ორივე ბლოკი 10 სართულიანი მოცულობებისაგან შედგება. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები : სამი მიწისქვედა და10 მიწისზედა სართული,“- წერია გეგმარებით დავალებაში.
ცნობისთვის, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან „ავერსი ფარმას“ მფლობელობაშია. კომპანიამ სახელმწიფოსგან ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 15 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ტერიტორიის გამოყენება ვერ მოახერხა.
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიის გასხვისების შემდეგ სახელმწიფომ 2009 წელს ვალდებულება აიღო, რომ საავადმყოფოს 2 წლის ვადაში ახალ შენობაში გადაიტანდა. მალევე ისიც გახდა ცნობილი, რომ 33 მილიონ ლარად დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა იყო შეძენილი, თუმცა ამ დრომდე ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებას ისევ ყაზბეგის გამზირზე განაგრძობს.

ასევე დაგაინტერესებთ