DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია. წელს ეს ღონისძიება 19-21 სექტემბერს ჩატარდება და მის ფარგლებში უკვე მერვედ თავს მოიყრიან დიზაინერები, დეველოპერები, მარკეტინგის სპეციალისტები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრები, სტარტაპერები, ჟურნალისტები და ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული სხვა ადამიანები.
DataFest Tbilisi 2024 ჰაკათონსაც უმასპინძლებს, რომელში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 18 სექტემბერია. ჰაკათონის ძირითადი თემაა “ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობა”. ყურადღება შემდეგ საკითხებზე გამახვილდება:
· სიძულვილის ენა;
· სიძულვილით მოტივირებული დანაშაული;
· კიბერბულინგი;
· გამოძალვა და მუქარა ქალებისა და გოგოების მიმართ ციფრულ სივრცეში;
· ონლაინ სივრცეში დისკრიმინაცია ქალი პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და საჯარო სივრცეში მყოფი სხვა ქალების მიმართ.
მონაცემთა წლევანდელი ფესტივალისა და ჰაკათონის შესახებ NEXT.On.ge-ს კითხვებს DataFest-ის ორგანიზატორ ForSet-ის პროექტების მენეჯერმა, ვერო მელუამ, უპასუხა.
პირველ რიგში, გვითხარით, რას უნდა ველოდოთ DataFest Tbilisi 2024-ზე?
წლევანდელი ფესტივალი, DataFest Tbilisi 2024, გამორჩეული იქნება თემატური მიმართულებების მრავალფეროვნებით, რომელიც მონაცემების მრავალმხრივ გამოყენებასა და შესაბამისი პროფესიების სიმრავლეს პირდაპირ ასახავს. ფესტივალზე იქნებიან სპიკერები, რომლებიც მონაცემების პერსპექტივიდან დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, კლიმატზე, მარკეტინგზე, ბიზნესსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ.
თემატური მრავალფეროვნების მიზანი მონაცემებით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიის, ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის მაქსიმალურად რელევანტური დღის წესრიგის შეთავაზებაა.
იქნება თუ არა რაიმე სიახლე მონაცემთა წლევანდელ ფესტივალზე, რამდენ სპიკერს ველით და რა აქტივობებს შემოგვთავაზებენ ისინი?
წელს სიახლე იქნება ახალი თემატური მიმართულება — “მონაცემები მარკეტინგსა და რეკლამებში”. მის ფარგლებში ციფრულ მარკეტინგში მონაცემების როლზე, ქცევითი მონაცემების გამოყენებასა და მარკეტინგის სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტში მონაცემების ინტეგრაციაზე ვისაუბრებთ.
ფესტივალი 60-ზე მეტ სპიკერსა და 900-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს, რომლებსაც სპეციალისტები ცოდნასა და გამოცდილებას მრავალფეროვანი ფორმატით გაუზიარებენ. მათ შორის იქნება შთამაგონებელი გამოსვლები, სამუშაო შეხვედრები, თემატური საკომუნიკაციო კუთხეები, ჰაკათონები, სტარტაპებისა თუ ორგანიზაციების გამოფენები და სხვა.
როგორც ვიცით, DataFest Tbilisi 2024-ის ჰაკათონის თემა “ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობაა”. რატომ არის აქტუალური დღეს ეს საკითხი და რა არის ჰაკათონის მიზანი?
თანამედროვე რეალობაში, სადაც ციფრული სამყარო უმნიშვნელოვანესი საკომუნიკაციო მედიუმია, პოლიტიკოს, აქტივისტ, ჟურნალისტ და, ზოგადად, საჯარო ცხოვრებაში ჩართულ ქალებზე გენდერის ნიშნით ძალადობა დიდ გამოწვევად რჩება. ეს პოლიტიკურ პროცესებში ქალების მონაწილეობაზე პირდაპირ აისახება, რადგან სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქალთა პოლიტიკური აქტიურობა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესაბამისად, აუცილებელია, რომ დაბრკოლებებისა და ბარიერების პრევენციაზე ვიზრუნოთ. განსაკუთრებით წელს, როცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში საარჩევნო წელია, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ თემატიკაზე ჰაკათონი დაგვეორგანიზებინა და პრევენციაზე და/ან ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნისთვის ხელი შეგვეწყო.
ვის შეეძლება ამ ჰაკათონში მონაწილეობის მიღება და რისი შექმნა დაევალებათ მათ?
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ტექნოლოგიები და ადამიანის უფლებები აინტერესებს და ამ საკითხებზე მუშაობა სურს: ჟურნალისტებს, ვებ და გრაფიკულ დიზაინერებს, მკვლევრებს, პროგრამისტებს, მარკეტოლოგებს, ხელოვანებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დეველოპერებს, აქტივისტებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს და ა.შ.
მონაწილეებს ისეთი ინოვაციური ინსტრუმენტების შექმნის შესაძლებლობა ექნებათ, რომლებიც ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის დასრულებას შეუწყობს ხელს. ასეთია, მაგალითად: ჩატბოტი, კომპიუტერული თამაში, მონიტორინგის სისტემა და სხვა.
გამარჯვებულისთვის საკმაოდ სოლიდური ჯილდოც არის დაწესებული, მოგვიყევით ამის შესახებ.
დიახ, ჰაკათონის საპრიზო თანხა 20 000 ლარია, რომელიც სამ გამარჯვებულ პროდუქტზე გადანაწილდება.
შერჩეულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ, რომ DataFest Tbilisi 2024-ს უფასოდ დაესწრონ და მენტორობის კურსი გაიარონ, რომელსაც ტექნოლოგიების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროს ექსპერტები წარუძღვებიან. მონაწილეები თავიანთ პროექტებს ფესტივალის დახურვით საღამოზე ჟიურის წინაშე წარადგენენ.
დაბოლოს, რა მოლოდინები გაქვთ წლევანდელი DataFest-ისგან? რატომაა მნიშვნელოვანი ამგვარი ღონისძიებების ჩატარება საქართველოში?
ვფიქრობ, რომ წლევანდელი ფესტივალი DataFest–ის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. ეს ძალიან მახარებს, რადგან ამ ტიპის ღონისძიებები პირდაპირი ხიდია სამოქალაქო სექტორს, ბიზნესს, ტექნოლოგიურ ინდუსტრიასა და მონაცემებზე მომუშავე პროფესიონალებს შორის, რათა გაიცნონ ერთმანეთი, დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობები და ერთიანი ძალებით მეტად ეფექტიანი და ხანგრძლივად გამოსადეგი პროექტები განახორციელონ.