სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 174-მდე საჯარო სკოლა საკუთარ შენობაში სასწავლო პროცესს ვერ განაახლებს. განათლების სამინისტრო დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად წერს, რომ რამდენ ბავშვს მოუწევს სწავლის სხვა სკოლის შენობაში გაგრძელება, ზუსტი რიცხვი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.
“მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად, ახალ სასწავლო წელს, დროებით ალტერნატიულ ფართში გადასულ მოსწავლეთა რაოდენობა და ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა დაზუსტდება 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისათვის.
დღეის (3 სექტემბრის) მდგომარეობით, 214 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს მშენებლობა-სრული რეაბილიტაციის სამუშაოები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეტაპობრივად დასრულდება 40-მდე საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებამდე აღნიშნული პროცესები. ამდენად მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად, ახალ სასწავლო წელს, დროებით
ალტერნატიულ ფართში გადასულ მოსწავლეთა რაოდენობა და ტრანსპორტით მოსარგებლეთა
რაოდენობა დაზუსტდება 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისათვის”, – ნათქვამია სამინისტროს პასუხში.
შესაბამისად, გამოდის რომ 174-მდე სკოლა საკუთარ შენობაში სასწავლო პროცესს ვერ განაახლებს.
დეპუტატმა უწყებას ასევე ჰკითხა:
– რა ეტაპზეა სარეაბილიტაციო პროცესი თბილისის მე-4; მე-10; მე-11; 113-ე და მე-14 სკოლებში?
– რა ეტაპზეა სარეაბილიტაციო პროცესი ხარაგაულის სოფელ წყალაფორეთის და მესტიის სოფელ იფარის სკოლებში.
სამინისტრო პასუხობს, რომ თბილისის №4, №10 და №11 , 14, 113 საჯარო სკოლების
მშენებლობისთვის მიმდინარეობს მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო პროცედურები, ხოლო
სსიპ – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის მშენებლობა დაწყებულია
და შეუფერხებლად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. თუმცა სამინისტრო არაფერს წერს წყალაფორეთის სკოლაზე.