ევროკავშირის სასამართლომ Google-ისთვის 2,4 მილიარდი ევროს ჯარიმა ძალაში დატოვა

ევროპულმა სასამართლომ(European Court of Justice, ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია) სამშაბათს დაადგინა, რომ ამერიკულმა კომპანია Google-მა (რომელიც ეკუთვნის Alphabet Inc.-ს) უნდა გადაიხადოს 2,4 მილიარდი ევრო ჯარიმა ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის რაც გამოიხატება საკუთარი სავაჭრო შედარების სერვისის მხარდაჭერაში.
ეს საქმე 2009 წელს დაიწყო, როდესაც ბრიტანულმა კომპანია Foundem-მა (დიდი ბრიტანეთი იმ დროს ჯერ კიდევ ევროკავშირის ნაწილი იყო) საჩივარი შეიტანა ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ.
ევროკომისიამ კომპანიას ჯარიმა 2017 წელს ანტიმონოპოლიური გამოძიების შემდეგ დააკისრა. ევროკომისიამ მიიჩნია, რომ Google-მა უპირატესობა მიანიჭა საკუთარი სავაჭრო შედარების სერვისს კონკურენტების სერვისებთან შედარებით.
Google-მა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ევროკავშირის საერთო სასამართლოში, რომელმაც ასევე დატოვა ჯარიმა. ამის შემდეგ კომპანიამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა European Court of Justice–ში. ევროპულმა სასამართლომ სამშაბათს განაცხადა, რომ ევროკომისია მართალი იყო, როცა Google-ის ქცევა დისკრიმინაციულად მიიჩნია და კომპანიის საჩივარი „მთლიანად უნდა იქნეს უარყოფილი“. გარდა ამისა, Google-მა და Alphabet-მა უნდა გადაიხადონ ევროკომისიის მიერ გაწეული ხარჯები.
„ეს არის ცუდი ამბავი Google-ისთვის, რომელმაც ამოწურა თავისი სამართლებრივი საშუალებები ამ საქმეში“, – თქვა ანა ვიტმა, სამართლის პროფესორმა საფრანგეთში EDHEC ბიზნეს სკოლაში, რომელსაც ციტირებს BBC.
„დაზარალებული მხარის რამდენიმე შემდგომი საჩივარი, რომლებიც მოითხოვენ კომპენსაციას Google-ის ანტიკონკურენტული ქცევის შედეგად მიყენებული ზარალისთვის, უკვე განხილულია შიდა სასამართლოებში“, – თქვა მან.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ