შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, დავინახეთ, ის, რაც ჩვენ გვერდში დგომა გვეგონა, დამადლებული დახმარება ყოფილა – ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება

ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება. სამწუხაროდ, დავინახეთ, ის, რაც ჩვენ გვეგონა გვერდში დგომა, ეს ყოფილა დამადლებული დახმარება და ქართველ ხალხს არავისგან დასამადლებელი არაფერი აქვს. ამიტომ, ქართველ ხალხს თავად შეუძლია იზრუნოს საკუთარ ინტერესებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის შექმნის მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში განვითარდეს, თუმცა ქვეყანაში არსებული NGO-ების რიგი ნაწილი საკუთარი ორგანიზაციული ინტერესებიდან მოქმედებს.
„არანაირი კავშირი ხალხთან მათ არ აქვთ. არის ოფისში ჩაკეტილი ხუთკაციანი, ათკაციანი ჯგუფები, რომელთა ლეგიტიმაცია იზომება იმის მიხედვით, თუ რამდენი ფული აქვთ დაფინანსების სახით მიღებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისვე თქმით, გასაკვირია ის გამოხმაურებები, რომელიც გუშინ მოისმინეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამა დააფუძნონ.
„ანუ რა გამოდის, რომ დღეს, NGO-ები მოსყიდულები არიან? ისინი ამბობენ, რომ ეს იქნება სამთავრობო ორგანიზაცია? რა გამოდის, ისინი აღიარებენ, რომ არიან უცხო მთავრობის ორგანიზაციები? ასეთ აბსურდში რომ არიან, ხომ შეატყვეთ, საბოლოო ჯამში, საკუთარ ტყუილში და სიცრუეში იკარგებიან. ამიტომ, მისასალმებელია ეს ინიციატივა. სხვათა შორის, თავად არასამთავრობო სექტორშიც იყო ამაზე საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვზრუნავდეთ ჩვენ ქვეყანაზე. რატომ უნდა იყოს საჭირო, რომ უცხო ხელისუფლებებმა რაღაც მიმართულებები აფინანსონ მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტს ამის სრული შესაძლებლობა აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან უპასუხა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ როდესაც რუსეთში „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ ანალოგიური კანონი მიიღეს, პუტინმაც არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით მსგავსი ფონდი შექმნა.
„რუსეთშიც მზე აღმოსავლეთით ამოდის და გერმანიაშიც მზე აღმოსავლეთით ამოდის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გერმანია რუსულ გზას დაადგა იმიტომ, რომ მზე ერთი და იგივე მხრიდან ამოდის. როგორ ფიქრობთ, გერმანიაში, თუნდაც კვლევით ინსტიტუტები, ასოციაციები და ა.შ. საიდან ფინანსდებიან, ამერიკიდან ფინანსდება, თუ გერმანიის საჯარო სახსრებით ან კერძო შემოწირულების სახით. ან -ში, რა გგონიათ თქვენ, ასოციაციებს, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს და გაერთიანებებს, ვინ აფინანსებს? – გერმანია აფინანსებს, თუ თავად აშშ საჯარო სახსრებით და ან კერძო შემოწირულებებით. ზუსტად ეს არის სისტემა,რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოში. სინამდვილეში, სისტემა, რომელიც დღეს არის ჩვენთან, ზუსტად რუსული სისტემაა, როდესაც არასამთავრობო სექტორი სრულად არის უცხოური დაფინანსების, სხვა ქვეყნის დაფინანსების კმაყოფაზე.ამიტომ ეს ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, რომ საჯარო თანხებით იქნება ეს, თუ კერძო შემოწირულებებით მოხდეს ამ სექტორის დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისვე თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რაც გულისხმობს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნონ საგრანტო პროგრამა, სინამდვილეში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ახალი დასაწყისის ეტაპია.
„ეს არის ახალი დასაწყისის ეტაპი. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ „ჩვენ თავს უნდა ვეყუდვნოდეთ“ და აქედან გამომდინარე, ჩვენ,ქართველმა ხალხმა უნდა ავიღოთ ჩვენ საზოგადოებაზე პასუხისმგებლობა. ეს ბიუჯეტი ქართველი ხალხის ბიუჯეტია და ყველა ჩვენგანმა უნდა დავაფინანსოთ ეს სექტორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.