ლევან დავითაშვილი – ვფიქრობ, ძალიან სწორი პრაქტიკაა თუ კონკურსის პირობებში, გამჭვირვალედ, ორგანიზაციები მოახერხებენ დაფინანსების მიღებას – ეს იქნება ნორმალური და ცივილიზებული პროცესი

გარდა ყოველდღიური ამოცანებისა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს გააჩნიათ, ამ ამოცანების შესასრულებლად და ქვეყნის ინტერესების გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს არასამთავრობო სექტორმა, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, დაფინანსების შესაბამისი წყაროები სჭირდებათ – ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი პრაქტიკაა თუ კონკურსის პირობებში, გამჭვირვალედ, ორგანიზაციები მოახერხებენ დაფინანსების მიღებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის, რომ არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს, ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ნებისმიერი ქვეყნის ბიუჯეტი პრიორიტეტების განსაზღვრის შესაბამისად დგება. არცერთი ქვეყნის ბიუჯეტი არ არის, რაც არ უნდა განვითარებული იყოს ის, რომ ჰქონდეს იმდენი ჭარბი რესურსი, არ იცოდნენ ამ რესურსებს რა დანიშნულება მისცენ. საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. ეკონომიკური ზრდა პირდაპირ პროპორციულად კავშირშია ბიუჯეტის ზრდასთან, მაგრამ საჭიროებები ქვეყანას აქვს საკმაოდ ბევრი, ბევრია პრიორიტეტი და პრიორიტეტის მიხედვით ხდება ამ თანხების განაწილება. მათ შორის, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. ის, რომ არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს, ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ნათლად წარმოგვიდგენია, რომ გარდა ყოველდღიური ამოცანებისა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს გააჩნიათ, ამ ამოცანების შესასრულებლად და ქვეყნის ინტერესების გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს არასამთავრობო სექტორმა, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, დაფინანსების შესაბამისი წყაროები სჭირდებათ. ასეთი ძალიან ბევრი მიმართულებაა: საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიკის, დემოკრატიის და სხვა მიმართულებები, რასაც, რა თქმა უნდა უნდა, როგორც პრიორიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტი საჭიროებისამებრ უპასუხებს. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის არეალი არის ძალიან ფართო. მათ შორის მოიცავს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარებასაც და ა.შ. შეიძლება ამა თუ იმ საჭიროებას, რომელიც ქვეყანაში დგას, უპასუხოს როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. აქ შეიძლება იყოს სწორი ბალანსი, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკაც, გამოცდილებაც და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი პრაქტიკაა თუ კონკურსის პირობებში, გამჭვირვალედ, ორგანიზაციები მოახერხებენ დაფინანსების მიღებას საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებში დასახმარებლად და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ნორმალური და ცივილიზებული პროცესი“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ