ნუნუ გელაძე: საბჭოთა პერიოდში დაჩა მარაინის შემოქმედებას ჩვენში არ იცნობდნენ, მაშინ როცა, მისი ცხოვრების თანამგზავრი ალბერტო მორავია ინტენსიურად ითარგმნებოდა

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ვინც წიგნს კითხულობს, რაღაცნაირად ხელახლა წერს მას. ავტორი მითითებებს გვთავაზობს, მაგრამ მერე მკითხველმა საკუთარი წარმოსახვის უნარითა და იმ სამყაროს ცოდნით, რომელშიც ცხოვრობს,  შემოთავაზებულის ხელახლა აგება და წიგნის პერსონაჟების უცხო სხეულების თავად მორგება უნდა შესძლოს.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ლიტერატურა ჭეშმარიტი სიხარულის, ტკბილი განცდის წყაროა, და არა – შინაარსის, რომელსაც წიგნები გვთავაზობენ, არამედ იმის გამო, რომ კითხვა ადამიანის ინდივიდად ჩამოყალიბებისათვის დიდი წვრთნაა. კითხვის პროცესში ამბის, საუბრის, ფიქრის, ფანტაზიის, ოცნების საგნად, ინდივიდად გარდავიქმნებით და ამ გარდაქმნას არც დასასრული აქვს, არც საზღვარი და არც პაუზა.  ამიტომაცაა წერა შეუძლებელი, თუ არ კითხულობ. მკითხველის გარეშე წერა არ არსებობს და წერის თვინიერ ვერც  მკითხველი იარსებებს“, – ეს სიტყვები წიგნიდან „წერის სიყვარული“ ეკუთვნის საყოველთაოდ აღიარებულ იტალიელ პროზაიკოსს, პოეტს, დრამატურგს, რეჟისორს, სცენარისტს, პუბლიცისტს,  კინოდოკუმენტალისტს, ჟურნალისტს, მთარგმნელს, დაჩა მარაინის, რომლის მრავალრიცხოვანი რომანი, პიესა, ლექსი  თუ ესეისტური ნაშრომი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მოპოვებული; დაჩა მარაინის მინიჭებული აქვს ეროვნული თუ უცხოეთის უნივერსიტეტების დოქტორის რვა საპატიო წოდება; რამდენჯერმე წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.

დაჩა მარაინი და ნუნუ გელაძე

დაჩა მარაინის შესახებ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ ქალბატონ ნუნუ გელაძეს, რომლიც 20 წელზე მეტია იტალიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს 34 ქართველი პოეტის ლექსები და ორი პროზაული კრებული, ასევე, არაერთი იტალიელი ავტორი ქართულ ენაზე და ქართულ-იტალიურ კულტურათშორის ერთგვარ დამაკავშირებელს წარმოადგენს. სწორედ ნუნუ გელაძემ თარგმნა დაჩა მარაინის „გოგონა და მესიზმრე კაცი“, „ხმები’’, „წერის სიყვარული“.

ქალბატონო ნუნუ, როდის და სად გაიცანით დაჩა მარაინი?

ნუნუ გელაძე: დაჩა მარაინი გავიცანი 2011 წელს ქალაქ არონას ფესტივალზე, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია, სხვათა შორის, უანგაროდ. ამ ფესტივალზე იგი ყოველწლიურად იწვევს მწერლებს, ჟურნალისტებს, სახელოვნებო წრის წარმომადგენლებს, თეატრალურ დასებს და მართავს უაღრესად საინტერესო დიალოგს, წარადგენს მათ წიგნებს, წერს პიესებს, რომლებიც იდგმება ლაგო მაჯორეზე (მთავარ ტბაზე), ამიტომაც  ჰქვია ამ ფესტივალს „თეატრი წყალზე“.

სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში დაჩა მარაინის შემოქმედებას ჩვენში არ იცნობდნენ, მაშინ როცა, მისი ცხოვრების თანამგზავრი ალბერტო მორავია ინტენსიურად ითარგმნებოდა (მეც მქონდა თარგმნილი მისი ორი ესსე). იტალიაში რომ ჩამოვედი, პირველი, რაც წავიკითხე მისი რომანი „იზოლინა“ იყო, მოგვიანებით, დაჩას გაცნობისთანავე, რომ იტყვიან, დავეწაფე მის მრავალმხრივ და ძალიან უხვ შემოქმედებას და მხოლოდ 2016 წელს გავბედე ინტერვიუს ჩამორთმევა ჟურნალ „ცისკრისათვის“. მას შემდეგ დავმეგობრდით, ვთარგმნე მისი ორი რომანი „ხმები“ და „გოგონა და მესიზმრე კაცი“, რომლებზეც შესანიშნავი რეცენზიები გამოაქვეყნეს მარიამ წიკლაურმა, გიორგი ლობჟანიძემ და როსტომ ჩხეიძემ. გასულ წელს კი „ცოცხალი წიგნების“ გადამღებ ჯგუფთან ერთად რომში, შინ ვეწვიეთ დაჩას და ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ.

ქალბატონო ნუნუ, გაგვაცანით დაჩა მარაინი… გვიამბეთ მისი საინტერესო ბიოგრაფიის შესახებ

ნუნუ გელაძე: უწინარეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ, ასაკის მიუხედავად, დაჩა ბევრს მოგზაურობს, არა მარტო იტალიაში, არამედ ევროპაშიც, ამერიკაშიც, რადგან მის სიტყვას ათასობით ადამიანი უსმენს, რადგან ცხოვრების მასწავლებელად, სიტყვის ჯადოქრად, იტალიური ლიტერატურის საგანძურად და იტალიური კულტურის ელჩად, ცოცხალ კლასიკოსად მიაჩნიათ. და სამართლიანადაც, ვინაიდან დაჩა მარაინი არის მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის მფლობელი; იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს დოქტორის რვა საპატიო წოდება (ჰონორის კაუზა); რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე … შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო მისი ყველა ჯილდოს, მისი მრავალი წიგნის ჩამოთვლა, სხვათა შორის, თითქმის არ არსებობს  დაჩა მარაინის წიგნი, რომელიც 8-10-ჯერ მაინც არ იყოს გამოცემული, ხოლო მისი შედევრი, რომელიც იტალიური ლიტერატურის ძეგლად ითვლება – „მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება“ – 73-ჯერ გამოიცა და მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. დაჩას შემოქმედებაზე იწერება წიგნები, სადიპლომო ნაშრომები, მისი რომანების მიხედვით იღებენ ფილმებს და ა.შ. ასე რომ, მართალს ბრძანებთ, დაჩას მართლაც საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს, თუმცა, ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესო: 1938 წელს მისი მამა ანთროპოლოგი ფოსკო მარაინი,  მთელი ოჯახით იაპონიაში, კერძოდ, ჰოკაიდოში გადაშენების გზაზე მყოფი ქერა და ცისფერთვალება ტომის ჰაინუს (სავარაუდოდ, კავკასიიდან წასული ტომის) შესასწავლად გაემგზავრა. როგორც თავად დაჩა ყვება, ენა იქაურ დიალექტზე ამოიდგა, მთელი ოჯახი (იქ დაბადებული მეორე და მესამე ქალიშვილით) შესანიშნავად იყო ინტეგრირებული იაპონურ გარემოში. მაგრამ 1943 წელს ყველაფერი შეიცვალა, კერძოდ, იტალიასა და გერმანიასთან ალიანსში მყოფმა იაპონიის მთავრობამ ახალგაზრდა წყვილს მოსთხოვა, ხელი მოეწერათ სალოს ფაშისტური რესპუბლიკის მხარდამჭერთა პაქტზე და სასტიკი უარის გამო ანტიფაშისტი ცოლ-ქმარი მცირეწლოვან სამ ქალიშვილთან ერთად ნაგოიას საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესა. უკიდურესი შიმშილის, სიცივისა და დამცირების ორწლიანი ტყვეობა მეორე მსოფლიო ომთან ერთად დასრულდა და ამერიკელების მიერ გათავისუფლებული მარაინების ოჯახი გემით სიცილიაში, დაჩას დედის, ერისმთავარ ალიატების მოშლილ და გაღარიბებულ მამულში, ბაგერიაში დაბრუნდა. ეს ყველაფერი დაჩა მარაინიმ 80 წლის შემდეგ დაწვრილებით აღწერა გასულ წელს გამოცემულ თავის წიგნში „ცხოვრება ჩემი“.

აქვე მინდა ქართველ მკითხველს გავაცნო დაჩა  მარაინის ლექსი, რომელიც ეპიგრაფად უძღვის წიგნს „ცხოვრება ჩემი“.

ცხოვრებავ ჩემო,

რომ გამიცუდდი,

რომ დამეტანჯე,

რომ დამებზარე,

რომ გსურს წახვიდე

ისე, არც კი დამემშვიდობო,

ერთი ნაბიჯი წინ გადაგიდგამს,

მეორე უკან;

ცხოვრებავ ჩემო,

ჩემი წარსულის ნანგრევებზე

რომ ცეკვავ, მღერი…

ვიდრემდის წახვალ,

ნება მომეცი, კარგად გაგიგო,

კარგად ჩაგწვდე,

გადაგეხვიო,

შენზე ვიამბო.

თუ არ მეშლება, დაჩა მარაინი 1962 წელს გამოსცემს პირველ რომანს „არდადეგები“, რომლის წინასიტყვაობა ეკუთვნის ალბერტო მორავიას, იმავე წელს უკვე სახელგანთქმული მწერალი ელზა მორანტეს მიატოვებს და მათი სიყვარული ოთხმოციან წლებამდე გასტანს; როგორ ფიქრობთ, დაჩა მარაინის შემოქმედებაზე იქონია თუ არა გავლენა ალბერტო მორავიამ?

ნუნუ გელაძე: დაჩა მარაინის ამ სადებიუტო რომანის გამოცემას საინტერესო ისტორია აქვს: როგორც თავად დაჩა გვიამბობს, უკვე გამოცემული ჰქონდა რამდენიმე მოთხრობა, ასევე, მეგობრებთან ერთად დაარსებული სალიტერატურო ჟურნალი „ლიტერატურის დრო“, ასე რომ, მთლად უცნობი არ იყო ლიტერატურულ წრეებში, მაგრამ „არდადეგების“ გამოცემა ცოტა გაუჭირდა, რადგან ბევრმა გამომცემელმა უთხრა უარი, ერთმა ისიც კი მისწერა, რა ძალა გადგათ, რომ წერთ, შინ დაეტიეთო; ბოლოს გამომცემლობა „ლერიჩიმ“ უპასუხა, იმ პირობით დაგიბეჭდავთ, თუ რომელიმე ცნობილი მწერლის წინასიტყვაობას მოგვიტანთო. და, როგორც ხდება ხოლმე, მეგობრის, მეგობრის მეგობრის დახმარებით, დაჩა ალბერტო მორავიასთან მივიდა. ალბერტო ახალგაზრდების დიდი ქომაგი იყო და მოეწონა დაჩას „არდადეგები“, რომელიც, როგორც ბრძანეთ, 1962 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ ისინი დაუახლოვდნენ ერთმანეთს, თხუთმეტ წელს გასტანა მათმა სიყვარულმა და მერეც, ალბერტოს სიკდილამდე მეგობრებად დარჩნენ. ოფიციალური ქმარი დაჩას მხოლოდ ოთხი წელი ჰყავდა, მილანელი მხატვარი, ლუჩო პოცი. როგორც ამბობენ, მათი ოჯახი ნაადრევი მშობიარობისაგან გარდაცვლილი შვილის გამო დაინგრა. მერე, მოგვიანებით, კიდევ ერთი დიდი სიყვარული ეწვია, მსახიობი ჯუზეპე მორეტი, რომელიც თორმეტი წლის ურთიერთობის შემდეგ მძიმე სენით გარდაიცვალა.

რაც შეეხება იმას, იმოქმედა თუ არა მორავიამ მის შემოქმედებაზე, ამის შესახებ თავად ამბობს ერთ ინტერვიუში: „ ჩემი წინაპრები მწერლები იყვნენ და ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე მამამ იქონია. წერა 13 წლისამ დავიწყე სკოლის გაზეთში, 17 წლის ასაკში დავწერე ჩემი პირველი რომანი „არდადეგები“, რომელიც ოცი წლის შემდეგ გამოვეცი. ალბერტომ ჩემზე დიდი გავლენა იქონია, მაგრამ არა შემოქმედებითი თვალსაზრისით, იგი იყო მაგალითი საზოგადოებისათვის, ნათელი იდეების მატარებელი, ძალაუფლების მაკრიტიკებელი, უსამართლობისაგან დაჩაგრულის შემწე. მისმა ინტელექტუალურმა პატიოსნებამ ღრმა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში“.

დაჩა მარაინი და ალბერტო მორავია

და მაინც, ქალბატონო ნუნუ, რა არის დაჩა მარაინის შემოქმედების მთავარი თემა?

ნუნუ გელაძე:  დაჩას შემოქმედება ძალიან მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. იგი პრესაში სისტემატურად წერს იტალიური საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაფიაზე, გარემოს დაბინძურებაზე, უმცირესობათა და ცხოველთა უფლებებზე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, რასიზმსა და ისლამის დემონიზაციზე, აღვირახსნილ ფუფუნებასა და ბავშვთა შრომის დაკაბალებაზე; მაგრამ უმთავრესი თემა დაჩა მარაინის შემოქმედებისა არის ქალი, ხშირად იმედგაცრუებული, გაუპატიურებული, მოკლული, მაგრამ, ასევე, მეამბოხე, ძლიერი, მამაცი ქალები. მისი უამრავი სტატია, ესეისტური თუ პუბლიცისტური თხზულება, მოთხრობა თუ რომანი, ლექსი თუ პიესა სწორედ ქალს ეძღვნება. მათ შორის, გამოგონილი პერსონაჟების გარდა, არიან ისტორიული გმირებიც: მარიანა უკრია, კიარა დ’ასიზი, კატერინა და სიენა, ვერონიკა ფრანკო, მარია სტიუარტი, მონაზონი ხუანა, დონა ლინორა და სხვ. დაჩას ნაწარმოებთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს სწორედ მისი წინაპარი ქალისადმი მიძღვნილ ისტორიულ რომანს „მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება“, რომელსაც უამრავი პრესტიჟული პრემია აქვს მიღებული და იტალიური ლიტერატურის ძეგლად ითვლება.

დაჩა მარაინი და ნუნუ გელაძე

საინტერესოა, თუ უსაუბრია დაჩა მარაინის თქვენთან პიერ პოლო პაზოლინის შესახებ, რამდენადაც ცნობილია ისინი მეგობრები იყვნენ

ნუნუ გელაძე:  პირად საუბარში პაზოლინიზე არაფერი უთქვამს, მაგრამ 2016 წელს ჟურნალ „ცისკრისათვის“ მოცემულ ინტერვიუში ჩემს შეკითხვაზე ასეთ რამეს წერს: „პიერ პაოლო პაზოლინი იყო პრინციპული და შეუვალი საქმეში, მაგრამ საოცრად თბილი, ჩუმი და მშვიდი ჩვეულებრივ ურთიერთობაში; ჩვენ განუყრელი მეგობრები ვიყავით და ბევრს ვმოგზაურობდით ერთად, ბევრი სირთულეც გადაგვიტანია; იგი ყველანაირ დისკომფორტს უდრტვინველად იტანდა, სადაც მოგვიხდებოდა, იქ დაწვებოდა დასაძინებლად, ეგ არის, გაზქურის ანთებაც კი არ იცოდა, იმდენად ჰყავდა დედას განებივრებული; ახლაც მესიზმრება ხოლმე, მოდის და მთხოვს:“ ყავას მომიდუღებ?“ პიერ პაოლო ძალიან უყვარდა მარია კალასს და ცდილობდა, როგორმე „ეხსნა“ იგი ჰომოსექსუალიზმისაგან; მდიდრულ სასტუმროებს მიჩვეული, ჩვენთან ერთად მოგზაურობისას, მიწის იატაკიან ქოხმახებსაც არ თაკილობდა, ოღონდ პიერ პაოლოს გვერდით ყოფილიყო და სულ მეკითხებოდა: „ როგორ ფიქრობ, ვუყვარვარ?“ მეც ვუდასტურებდი, რადგან პიერ პაოლოს მართლა უყვარდა იგი, ოღონდ პლატონურად“.

ორი წლის წინათ დაჩამ წიგნი მიუძღვნა მას სახელწოდებით „ძვირფასო პიერ პაოლო“, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიზმრებმა შთააგონა, ძალიან ხშირად მესიზმრებაო. წიგნი მოიცავს პიერ პაოლოსადმი მიწერილ  საოცარი მეგობრული სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე 37 წერილს, და საინტერესო ის არის, რომ ყველა ეგზემპლარი გამოცემისთანავე გაიყიდა  და მყისიერად ითარგმნა არაერთ ენაზე.

დაჩა მარაინი იცნობს თუ არა ქართულ მწერლობას, რა იცის მან საქართველოს შესახებ?

 ნუნუ გელაძე:  არ ვიცი, მწერლობას რამდენად იცნობს, ჩვენ ხომ დიდი ხანი არ არის, რაც ქართული ლიტერატურის იტალიურ ენაზე თარგმნა დავიწყეთ, მაგრამ ის ვიცი, რომ უყვარს ისტორიის მამა ჰეროდოტე და, აქედან გამომდინარე, წარმოდგენა ექნება საქართველოს შესახებ, ამას მაფიქრებინებს ის, რომ, როდესაც 2011 წელს არონის ფესტივალზე გავიცანი და მის წიგნზე „დიდი დღესასწაული“ ავტოგრაფი ვთხოვე, მკითხა, ნუნუ სადაური სახელიაო, ქართული-მეთქი, ვისურვებდი, ეს წიგნი ქართულად თარგმნილიყო და საქართველო მენახაო. მეტიც, სწორედ წიგნში „წერის სიყვარული“ იგი ასეთ რამეს წერს: „ადრე თუ გვიან ყველა მწერალი თარგმნის იმ ენიდან, რომელიც  მისთვის ახლობელია. მეტსაც ვიტყვი, ისეთი მწერლებიც არიან, რომელთაც შესანიშნავად თარგმნეს მათთვის თითქმის ან სრულიად უცნობი ენებიდან. ამის ცნობილი მაგალითია პასტერნაკის თარგმანები ქართული ენიდან, რომელიც  მხოლოდ ესმოდა“.

გეგმავს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას დაჩა მარაინი?

ნუნუ გელაძე: მწერალთა სახლმა ბევრჯერ მოიწვია იგი, მაგრამ ვერ უხერხდებოდა ჩამოსვლა. როგორც იქნა, გასული წლის ნოემბერში დავგეგმეთ, რომ წლეულს 16-19 სექტმებრს ეწვეოდა საქართველოს „წერის სიყვარულის“ წარსადგენად, მაგრამ სწორედ სექტემბრის დასაწყისში დაეცა, მაჯა მოიტეხა და მუხლზე ტრავმა მიიღო. ასე რომ, ისევ გადავდეთ დიდი ხნის ნანატრი ვიზიტი. იმედი მაქვს, მაინც ჩამოვა, რადგან თავად ამის დიდი სურვილი აქვს.

დიდი მადლობა და გადაეცით ქალბატონ დაჩა მარაინის, რომ ქართველი მკითხველი გულითადად ელის მასთან შეხვედრას.

დასასრულისთვის ისევ მოვიხმოთ ამონარიდი მისი წიგნიდან „წერის სიყვარული“, რომელსაც მალე იხილავს ქართველი მკითხველი.

ყველას, ვინც კი რჩევას მეკითხება, ვუმეორებ: არ არსებობს წესები, არ არსებობს ფორმულები, არ არსებობს კანონები. საჭიროა შეუპოვრობა, ვნება, ბევრი კითხვა და დიდი მოთმინება. მე კვლავ დაჟინებით ვიმეორებ, რომ საჭიროა კითხვა, კითხვა,კითხვა და კითხვა. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკა მათთვის, ვისაც წერა სურს. და სხვათა შორის, ვინც ბევრს კითხულობს, ადვილად არ აჰყვება მარტივ რეკლამას, მოდას და სულელების ხაფანგში არ მოექცევა. ვინც ბევრს კითხულობს, კარგი ლიტერატურის ცუდისაგან, ღრმააზროვანი წიგნების მდარე ნაწარმოებებისაგან განსხვავებას სწავლობს.”

დაჩა მარაინი

სპეციალურად საიტისათვის, ნინო ჩხეიძე