სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი 575 ლარით ნაკლებია კერძო სექტორთან შედარებით – როგორ იცვლებოდა ანაზღაურება ბოლო წლებში

საქართველოში ყოველი მე-4 დასაქმებული სახელმწიფო უწყებაში მუშაობს, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება კი ბოლო წლებში, ყოველწლიურად 10%-ით იზრდება, რაც მთავრობის ინიციატივით, 2026 წლამდე გაგრძელდება.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ხელფასების ზრდის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და ეს სხვაობა 2026 წლამდე უნდა აღმოიფხვრას. მისი თქმით, სამიზნე მაჩვენებლით, საჯარო სექტორში ხელფასის დონე კერძო სექტორის ხელფასის 80%-90%-ის დიაპაზონში უნდა იყოს, თუმცა ამჟამად ის კერძო სექტორის ხელფასის მხოლოდ 74%-ს შეადგენს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ვითარებაა ამ კუთხით დღეს და როგორ შეიცვალა საჯარო და კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასებს შორის დისბალანსი.
საქართველოს საჯარო სამსახურში მომუშავეთა ხელფასებზე წლიურად რამდენიმე მილიარდი ლარი გაიცემა, მათ შორის სამინისტროებში 2.5 მილიარდი ლარი, შტატგარეშე მოხელეებზე ნახევარი მილიარდი ლარი, საჯარო სკოლებში 700 მილიონ ლარამდე, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებში ასევე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ანაზღაურებები. მთლიანობაში საჯარო სექტორის ხელფასები 3.5-4 მილიარდი ლარის ფარგლებშია.
2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში 1571.9 ლარია, კერძო სექტორში კი 2145,9 ლარი. ბოლო წლების განმავლობაში, კერძო და საჯარო სექტორში არსებულ ხელფასებს შორის ზრდა დაახლოებით მსგავსი იყო, საჯარო სექტორში საშუალო თვიური ანაზღაურება ბოლო 10 წელში 113%-ით გაიზარდა (2014 წელს 727.6 ლარი იყო), კერძოში კი 156.4%-ით (2014 წელს 836.9 ლარი იყო).
ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 320 000-ზე მეტი ადამიანი ხელფასის სახით ჯამში 2.6 მილიარდ ლარს აიღებს. ამას შტატგარეშე მოხელეების ანაზღაურების ხელფასების სახით 520 მილიონი ლარი ემატება, რაც ნიშნავს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებები 3.1 მილიარდ ლარს აღწევს.