1000 ლარით დააჯარიმეს კაცი, რომელიც დეპუტატებს მონას და უცენზურო სიტყვებს ეძახდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა ალექსანდრე სამხარაძე – ახალგაზრდა კაცი, რომელიც „აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევის დღეს მხარდამჭერ დეპუტატებს მონას და უცენზურო სიტყვებს ეძახდა. ვიდეოკადრები თავად მან გაავრცელა 28 მაისს სოციალური ქსელის საშუალებით.
იმ დღეს ხალხმრავალი პროტესტის გამო პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა და დეპუტატებს ქიქოძის ქუჩის გავლით დაატოვებინა ტერიტორია. სწორედ იქ შეხვდა ალექსანდრე სამხარაძე „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ დეპუტატებს.
პოლიცია მას ედავებოდა წვრილმან ხულიგნობას – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ქუჩაში, სადაც „ქალები და ბავშვები დადიან“, არ შეიძლება გინება.
სამხარაძე სასამართლო სხდომაზე ამბობდა, რომ ის დეპუტატების მიმართ ბრაზს გამოხატავდა, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა კი გინება დაიწყო. მისი მონაყოლის მიხედვით, სწორედ მას შემდეგ გამოიყენა მან უცენზურო სიტყვები.
ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც პოლიციამ სასამართლოზე მიიტანა, თავად ალექსანდრე სამხარაძის გადაღებული ვიდეოა. ამ ვიდეოში ჩანს ისიც, როგორ მისდევს მას გაბრაზებული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და როგორ ესვრის ფორთოხალს.
მომდევნო დღეს, 29 მაისს უმრავლესობის დეპუტატი მარკეტში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა, პასუხად კი მას მაღაზიის მფლობელებმა უთხრეს: „ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“.
28 მაისს, როცა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია. კანონი უკვე სრულად ამოქმედდა. ბოლო ორ თვეში საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერეს პარტნიორმა ქვეყნებმა.
ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგისტრაციის სურვილი 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ გამოთქვა.
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
ფორუმი