ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა – თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავდაცვის ძალების საკვების მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
„ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას. როდესაც აღნიშნულმა ტელევიზიამ თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრებზე აბსურდული ინფორმაცია გაავრცელა, უწყებამ ეს უპასუხოდ დატოვა, თუმცა ახლა საქმე ეხება ქართულ ჯარს და სახეზეა ჯარის იმიჯის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. ამჯერად ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია თავდაცვის ძალების საკვების მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ. აღნიშნულ სიუჟეტში, სამწუხაროდ, გამოყენებული იყო ობიექტური წყაროს და ფაქტების დასახელების გარეშე აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია.
ნიშანდობლივია, რომ კვების და უნიფორმის კონტროლი გაძლიერდა 2020 წლიდან და ამის ერთ-ერთი დასტურია ხარისხის კონტროლის ცალკე სამმართველოს შექმნა. ხორცის ყოველდღიური რაციონის ნორმა 250 გრამიდან 480 გრამამდე გაიზარდა და გამრავალფეროვნდა სამხედროებისთვის განკუთვნილი მენიუ. მინისტრის აქტით, პირველი ხარისხის ხორცი შეიცვალა უმაღლესი ხარისხით, მათ შორის ნედლი, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით.
ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედროების უნიფორმისა და ფეხსაცმლის ხარისხი. არასდროს 2020 წლამდე ჩვენს ჯარს მასიურად არ ამარაგებდა გერმანული ფეხსაცმლის მწარმოებელი მსოფლიოში საუკეთესო ბრენდები. სამწუხაროა, რომ აღნიშნული ტელევიზია მიზანმიმართულად ცდილობს თავდაცვის ძალების და, ზოგადად, ჯარში სამხედრო სამსახურის მიმართ დაამკვიდროს ნეგატიური განწყობები და სტერეოტიპები, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გამოწვევებს და ჯარის გაძლიერებისკენ მიმართულ მიმდინარე რეფორმებს.
უწყება მზად არის, ნებისმიერ დროს, ობიექტის წინასწარ დასახელების გარეშე დაინტერესებულ მხარესთან ერთად ჩაატაროს კვების მონიტორინგი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე: არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში

დავით მათიკაშვილი Human Right Watch -ს დასკვნაზე: როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში