მთავარი ფოტო თარიღდება 2001 წლით და გადაღებულია კრემლში, მეგობრობის ორდენის გადაცემის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ყვავილებს ჩუქნის ალინა კაბაევას, რომელიც, მოგვიანებით, მისი ორი ვაჟის დედა გახდა.
ცენტრ „დოსიეს“ („Dossier Center“) ვებ-გვერდმა, რომელიც კრემლთან დაკავშირებული პირების დანაშაულებრივი ქმედებების მონიტორინგშია სპეციალიზირებული, დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ვაჟი 2015 წელს შვეიცარიაში დაიბადა. პუტინის რეზიდენციაში მომუშავე ანონიმურმა წყარომ აღნიშნა, რომ კრემლის თავკაცის დიდი ხნის პარტნიორმა, ალინა კაბაევამ პირველი ვაჟი სამხრეთ შვეიცარიაში, ლუგანოს კლინიკაში გააჩინა.
ცენტრ „დოსიეს“ ანგარიში ასევე შეიცავს იშვიათ ინფორმაციას ცენტრალურ რუსეთში, ვალდაის ტბასთან არსებულ რეზიდენციაში პუტინის ვაჟიშვილების ცხოვრების პირობების შესახებ, რომლებიც ახლა ცხრა და ხუთი წლისანი არიან.
პუტინი თავის მეუღლეს, ლუდმილას 2013 წელს დაშორდა, მაგრამ ყოფილ ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასთან ურთიერთობა საჯაროდ არასოდეს უღიარებია.
პუტინ-კაბაევას კავშირმა პრესის დიდი ყურადღება მიიპყრო და გამოითქვა უამრავი ვარაუდი იმის შესახებ, თუ სად დაიბადნენ მათი ვაჟები. 2022 წლის მაისში შვეიცარიულმა გაზეთმა „ზონთაგს ცაიტუნგმა“ დაადასტურა, რომ წყვილს ორი ვაჟი ჰყავს, რომელთაგან პირველი შვეიცარიაში დაიბადა. ეს ინფორმაცია მანამდე ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა.
აღნიშნული ინფორმაცია, შვეიცარიის რადიომაუწყებლობის კორპორაციასთან (SWI swissinfo.ch) ინტერვიუში, ირიბად, პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, სერგეი პუგაჩევმაც დაადასტურა. „რუსეთში ყველამ იცის, რომ პუტინის განქორწინების შემდეგ, ალინა კაბაევა, ასე ვთქვათ, მისი ცოლია. ნორმალური ამბავი იქნება, თუ მან შვეიცარიაში იმშობიარა, პუტინის უფროსი შვილები კი საზღვარგარეთ სწავლობენ“.
შვეიცარია დიდი ხანია გახდა რუსეთის შეძლებული მოქალაქეებისთვის სასურველი ადგილია მშობიარობისთვის. რუსი ქალების თქმით, ამ ქვეყნის კერძო კლინიკებში მათ მომსახურების უმაღლესი ხარისხი იზიდავთ.
საზღვარგარეთ რუსი ქალების მშობიარობის შესახებ მომზადებულ წინა მოხსენებაში SWI swissinfo.ch, ლუგანოს კლინიკა Sant’Anna-ს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ აღნიშნულ კლინიკაში „რუსეთისწაამყვანი ლიდერების შვილები“ დაიბადნენ. იმ დროს ჩვენ არ შეგვეძლო იმის დადასტურება, რომ მათ რიცხვში პუტინის შვილიც შედიოდა.
ცენტრ „დოსიეს“ მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაციის წყარო პუტინის საოჯახო გუნდის წევრია. მისი ვინაობა ღია წყაროებითა და საბანკო ამონაწერებით გადამოწმდა.
წყაროს თქმით, 2014 წელს კაბაევა ლუგანოში სამჯერ ჩავიდა. ბოლო მოგზაურობისას, მას თან ახლდა რუსული წარმომავლობის გინეკოლოგი, ნატალია ტიებო Sant’Anna-ს კლინიკიდან.
„ლუგანოს კლინიკაში რუსულენოვანი გინეკოლოგი მუშაობდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო დამატებითი ფაქტორი რუსი ბიზნესმენებისთვის, მშობიარობისთვის ქვეყნის არჩევისას“, – ამბობს ცენტრ „დოსიეს“ ჟურნალისტი, ილია როჟდესტვენსკი SWI swissinfo.ch-თან ინტერვიუში.
წყაროს ცნობით, 2015 წლის გაზაფხულზე კაბაევას ამ კლინიკაში პირველი ვაჟი, ივანე შეეძინა. ცენტრ „დოსიეს“ ინფორმაციით, 2018 წელს კაბაევა კვლავ გაემგზავრა შვეიცარიაში პრენატალური გამოკვლევისთვის, 2019 წლის გაზაფხულზე კი რუსული წარმომავლობის შვეიცარიელი გინეკოლოგი თავად ჩავიდა მოსკოვში, რათა კაბაევას მეორე შვილის მშობიარობას დასწრებოდა.
ტიებომ, რომელიც რუსეთიდან შვეიცარიაში ემიგრაციაში 30 წლის წინ წავიდა, ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და ახლა მეუღლის გვარს ატარებს. „მან პუტინთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნა“, – ამბობს ცენტ „დოსიეს“ წყარო და იქვე დასძენს, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად მოხდებოდა მშობიარობა, პრეზიდენტმა თავად მიიღო.
„ჩვენმა წყარომ, რომელიც ვლადიმერ პუტინის ოჯახის გარემოცვიდან არის, გვითხრა, რომ კაბაევამ პირველ შვილზე ლუგანოში იმშობიარა. გარდა ამისა, ჩვენ ალინა კაბაევას ფრენების შესახებ მონაცემებზე წვდომა მოვახერხეთ და დავრწმუნდით, რომ ის შვეიცარიაში გინეკოლოგ ნატალია ტიებოსთან ერთად გაფრინდა. თავად ტიებო კი რუსეთში დაახლოებით იმ დროს ჩავიდა, როდესაც კაბაევას მეორე შვილი უნდა გაეჩინა“, – განუცხადა როჟდესტვენსკიმ SWI swissinfo.ch-ს.
ცენტრმა „დოსიემ“ პირველმა დაასახელა ვაჟების სახელები: ესენი არიან ივანე და ვლადიმირი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისინი იზოლირებულად, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დაცვის ქვეშ ცხოვრობენ.
ბიჭები იშვიათად ხედავენ მშობლებს, სხვა ბავშვებს კი მხოლოდ არდადეგების დროს, ძირითადად, კაბაევას მეგობრებთან ხვდებიან. ისინი კერძო თვითმფრინავებით, იახტებით და დაჯავშნილი მატარებლებით მგზავრობენ. მათ ზრდიან გუვერნანტები, სპორტის მასწავლებლები და ძიძები, ნათქვამია მოხსენებაში.
თითქმის ყველა რეზიდენციას აქვს სპორტული კომპლექსი, ტანვარჯიშის დარბაზით და საცურაო აუზით, ზოგჯერ კი ჰოკეის მოედნითაც. ცურვასა და ტანვარჯიშში ბავშვებს პერსონალური მწვრთნელები ამზადებენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უპირატესობა „მეგობრული“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მასწავლებლებს მიენიჭათ. თუმცა, ივანეს და ვლადიმერს ასევე ჰყავთ მასწავლებლები ბრიტანეთის და ახალი ზელანდიის პასპორტებით. ანგარიშის თანახმად, პუტინის შვილების ათ უცხოელ მასწავლებელს თვეში 330 000-დან 1,2 მილიონ რუბლამდე უხდიან.
მასწავლებლები დაქირავებულნი არიან სააგენტო „English Nanny“-ის მეშვეობით, რომელიც მდიდარი რუსული ოჯახებისთვის არჩევს პერსონალს. დამსაქმებლის პირობების თანახმად, მასწავლებლებს საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ. ვაკანსიის შესახებ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოჯახი „იზოლირებულად ცხოვრობს“ სანკტ-პეტერბურგის რაიონში. გარდა ამისა, ცენტრ „დოსიეს“ გამოძიებამ აჩვენა, რომ მასწავლებლების ხელფასები გაიცემა სამედიცინო ქსელ MMЦ-ს („Мой медицинский центр“ – ყოფილი СОГАЗ) კლინიკების მეშვეობით, რომლის სამედიცინო მომსახურებით პრეზიდენტის მეგობრები და თანამოაზრეებიც სარგებლობენ. გუვერნანტებთან კონტრაქტები ისეა გაფორმებული, თითქოს ისინი მთარგმნელები არიან.
ცენტრი „დოსიე“ იუწყება, რომ პუტინის ოჯახში სამუშაოს შოვნა თითქმის ისეთივე მარტივია, როგორც „ქუჩიდან სტუმრად ვინმესთან შესეირნება“: ვაკანსიები საჯაროდ ცხადდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათზე განაცხადის გაკეთება. მაგალითად, 2024 წლის დასაწყისში პრეზიდენტის ოჯახი ეძებდა ინგლისურის მასწავლებელს, რომელიც ადგილზე იცხოვრებდა და 8 და 4 წლის ბავშვებს ინგლისურს შეასწავლიდა. სამუშაო კვირაში ხუთდღიანი იყო, სულ 60 საათი, მოვალეობებში ასევე შედიოდა „სხვა საგნების სწავლება“ და მოგზაურობაში ბავშვების თანხლება, ხელფასი კი – თვეში 7700 ევრო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ ოჯახთან დიდი ხანია თანამშრომლობს და მისთვის უკვე რამდენიმე ინგლისური და გერმანული ენის მასწავლებელი მოიძია.
გერმანული ენის ერთ-ერთი მასწავლებელია სოფია ბოზიჩი. მან, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 25,3 მილიონი რუბლი (საშუალოდ 516,000 რუბლი თვეში) გამოიმუშავა. ის 1992 წელს არის დაბადებული, ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეა და ავსტრიაში ცხოვრობდა. ბოზიჩი, ეტყობა, პუტინის ოჯახის დიდი ნდობით სარგებლობს, რადგან მათთან უფრო მეტხანს მუშაობს, ვიდრე მისი კოლეგები და 2023 წლის ივლისში MMЦ-სგან თითქმის 233,8 მილიონი რუბლის ოდენობის სესხი მიიღო.
„ბავშვები გერმანულს იმიტომ სწავლობენ, რომ ეს მათი მამის ნება იყო. თავად ვლადიმერ პუტინმა გერმანული იცის და სურს, რომ ამ ენაზე მისი შვილებმაც საუბრობდნენ“, – განმარტავს ცენტრ „დოსიეს“ ჟურნალისტი როჟდესტვენსკი.
ოჯახს მუდმივად სჭირდება ახალი მასწავლებლები, პერსონალის ხშირი ცვლა კი გამოწვეულია იმით, რომ მათ ოჯახთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ. გარდა ამისა, რუსეთში მუშაობის მსურველ უცხოელთა ბაზარი, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეზღუდულია და იზოლაციის მკაცრი პირობების შესახებ არაერთი ინფორმაცია არსებობს, ნათქვამია მოხსენებაში.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი