კლიმატის დათბობა ლიეტუვას საზამთროს მწარმოებელ ქვეყნად აქცევს

ლიეტუვაში საზამთროს მწარმოებელი ფერმერების რაოდენობა იზრდება. უკვე გამოყვანილია ლიეტუვას კლიმატზე ადაპტირებული საზამთროს რამდენიმე ახალი ჯიში.
„ყველაზე დიდი საზამთრო, რაც წელს გავზარდე, 25 კილოგრამს იწონის. ვაპირებ, ის ლიეტუვას ეროვნულ რეკორდზე დავარეგისტრირო“, – ამბობს საზამთროს მწარმოებელი, ნელიუს ზალეცკისი.
გასულ წელს ზალეცკისის ფერმაში მოყვანილი ყველაზე დიდი საზამთრო 16 კილოგრამს იწონიდა, წელს კი რეკორდული ნაყოფი გაცილებით დიდია. მის ფერმას, ელექტრაიას მახლობლად მდებარე 20 ჰექტარ მიწაზე, მთლიანობაში, დაახლოებით 7 ტონა საზამთროს მოჰყავს.
„ალბათ, შემიყვარდა. ვფიქრობ, დიდი ხნით“, – ასე პასუხობს ზალეცკისი კითხვაზე, თუ როგორ დაინტერესდა საზამთროს მოყვანით.
„როდესაც სეზონი იწყება, ნელიუსი მინდორში მიდის და მთელ სიყვარულს საზამთროს უძღვნის“, – ამბობს ფერმერის მეუღლე, იუსტინა ზალეცკენე.
ფერმერის თქმით, კლიმატის დათბობის წყალობით, საზამთროს მომყვანი ფერმერების რაოდენობა ლიეტუვაში ყოველწლიურად იზრდება. საზამთროს მომწიფებას ბევრი მზე სჭირდება, ამიტომ კლიმატის დათბობასთან ერთად, ეს ტენდენცია შენარჩუნდება.
თავის ფერმაში ზალეცკისს საზამთროს ექვს სახეობას მოჰყავს, თუმცა ამაში არ შედის ლიეტუვური ჯიშები, რომლებიც უკვე გაყიდვაშია.
„საზამთროს თესლი საბერძნეთიდან და რუმინეთიდან შემოგვაქვს. მთავარი თესლია – ის ჯანსაღი და დამუშავებული უნდა იყოს, რათა დაავადებები არ გაუჩნდეს. შემდეგ მას მიწაში ვრგავ, ნარგავს კი მზის ბევრი შუქი და კარგი ნიადაგი ესაჭიროება“, – განმარტავს საზამთროს მწარმოებელი.
ფერმერი ამბობს, რომ ინტერნეტში ეძებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოიყვანოს საზამთრო და ცდილობს, თავისი შეცდომები აღარ გაიმეოროს. საზამთროს ტკბილი და გემრიელი რომ იყოს, ჭინჭრისა და სხვა ბალახეულობისგან სასუქებს თავად ამზადებს. როდესაც საზამთროს ნაყოფი მუშტის ზომამდე გაიზრდება, ზალეცკისი მათ ნაცრით ანაყოფიერებს.
ფერმერის თქმით, საზამთრო სითბოს მოყვარული მცენარეა დიდ მოვლას და ხელით შრომას მოითხოვს.
„ერთი თვის განმავლობაში, მათ სათბურში ვზრდით. ღამით სათბურს ვათბობთ, რომ არ გაიყინოს. როდესაც გარეთ ტემპერატურა 10 გრადუსს გადააჭარბებს, საზამთროს უკვე ღია ცის ქვეშ ვრგავთ“, – ამბობს ზალეცისი.
საზამთრო ანტიოქსიდანტებისა და C ვიტამინის წყაროა, მაგრამ ისინი ზომიერად უნდა მოვიხმაროთ, რადგან დიდი რაოდენობის შაქარს შეიცავს.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი