ლიცენზიაჩამორთმეული სტომატოლოგები ბელგიაში დაუსჯელად საქმიანობენ

გახდა თუ არა ბელგია ახალი ელდორადო სტომატოლოგებისთვის, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში საქმიანობის უფლება სამუდამოდ აქვთ აკრძალული? გადაცემა „გამოძიებამ“ ბელგიის ჯანდაცვის სისტემაში არსებული ეს ხარვეზი გამოიკვლია.
ეს არის ჩვეულებრივი კლინიკა ოტინი-ლუვენ-ლა-ნევის (ბელგია) ცენტრში, ორთოდონტ ფილიპ ბეგინის გამოკლებით, რომელიც ამ კლინიკას მართავს. სიტყვა „ორთოდონტი“ აქ ალბათ ზედმეტია, რადგან 2012 წელს, ამ ფრანგს, თავისი ქვეყნის სტომატოლოგიურმა ასოციაციამ სამუდამოდ ჩამოართვა ლიცენზია. მისი კრიმინალური დოსიე საკმაოდ ვრცელია: ესპანეთსა და საფრანგეთში რამდენიმე თაღლითობის შემდეგ, ნანსის სააპელაციო სასამართლომ დანაშაულისთვის, რომლისგან მიყენებული ზიანიც 233 000 ევროდ შეფასდა, შარშან მას 1,5 წლით პირობითი პატიმრობა შეუფარდა. ამ საქმეზე პოლიციამ თაღლითობის მსხვერპლი 39 (!) ფრანგი პაციენტი დაკითხა.
შავბნელი საქმიანობა ამ მამაკაცმა არც ბელგიაში შეწყვიტა. აქ გადმოსვლის შემდეგ, მან მშვიდად გააგრძელა საყვარელი საქმეების კეთება: ორთოდონტია და… თაღლითობა. მის მიმართ წაყენებული ბრალდებები ბელგიაშიც ანალოგიურია, ტექნიკა კი – მარტივი: „მკურნალობის დასაწყისში ნაღდ ფულს ითხოვს. ჩემ შემთხვევაში, ეს იყო 5000 ევრო. შემდეგ უჩინარდება, ვითომ ავადმყოფობს, არ ურთიერთობს, ბოლოს კი სამუდამოდ ტოვებს კლინიკას, ახალი მისამართის მითითების გარეშე“, – ამბობს ბეგინის ყოფილი პაციენტი, რომელიც 2018 წელს გააცურეს.
ჩვენ ფილიპ ბეგინის კიდევ სამ ბელგიელ მსხვერპლს მივაკვლიეთ. ყველა მათგანმა რამდენიმე ათასი ევრო დაკარგა. „ფილიპ ბეგინის მიერ მიტოვებულ პაციენტებს უფასოდ ვმკურნალობდით. ჩვენც ვისესხეთ ფული, სანამ გაუჩინარდებოდა“ – ამბობს სტომატოლოგი ფაჰიმე ბაშირტაში. ორთოდონტმა მორიენ დევინმა საჩივარი შეიტანა და სასამართლომ მის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება: „ფილიპს ჩემი 27 000 ევრო მართებს, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ფულს ვერასდროს ვნახავდი. ის გადახდისუუნაროა და ყველგან ვალები აქვს“.
ბუნებრივია, კლინიკის დირექტორთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ.
როგორ შეიძლება მოხდეს, რომ საფრანგეთში ლიცენზიაჩამორთმეულ სტომატოლოგს ბელგიაში პრაქტიკა ჰქონდეს და პაციენტებისა და პერსონალის მოტყუება ამ ქვეყანაში განაგრძოს?
ბელგიის სტომატოლოგიური მედიცინის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ დევრისის თქმით, ფრანგმა სტომატოლოგები, რომლებსაც თავის ქვეყანაში ეროვნული პროფესიული ასოციაციების მხრიდან საფრთხე ემუქრებათ, ახერხებენ პრაქტიკა ბელგიაში გააგრძელონ. „თუმცა, საპირისპირო ფენომენიც არსებობს: ფრანგი სტომატოლოგები ბელგიელი პაციენტებს ასახიჩრებენ და შემდეგ უკან გარბიან, რათა საფრანგეთში დაუსჯელად ისე დაკავდნენ თავიანთი პროფესიით, თითქოს, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უბიწო ქალწულებად იქცნენ“, – ამბობს დევრისი.
პრობლემის სათავე დიდი ხანია ცნობილია: ბელგიაში არ არსებობს სტომატოლოგთა ასოციაცია, რომელიც ამ თაღლითების წინააღმდეგ ეთიკური სანქციების დაწესებას შეძლებს. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ფრანგები არიან თუ ბელგიელები, ამ შემთხვევაში, ეროვნება მეორე პლანზე დგას. არადა, ასეთი ასოციაციაცის შექმნის აუცილებლობა, უკვე რამდენიმე წელია, აშკარად იგრძნობა.
თუმცა, ევროპულ დონეზე არსებობს ეთიკური დარღვევების ჩამდენი სტომატოლოგების სიაში შეყვანის IMI სისტემა. „მაგრამ იმის გამო, რომ ბელგიას არ აქვს სტომატოლოგიური ასოციაცია, არავინ არის, ვინც სხვა კომპეტენტურ ორგანოებს დაუკავშირდება. როდესაც IMI სისტემაში შედის შეტყობინება, რომ მსჯავრდებული ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად, ეს შეტყობინება ბელგიაში არავის ეგზავნება. ფილიპ ბეგინის შემთხვევაშიც, ხაზის მეორე ბოლოში ბელგიის ხელისუფლება არ აღმოჩნდა… ამიტომაც გაუჩინარდა ის მხედველობის არედან“, – განმარტავს ბელგიის ფედერალური კონტროლის კომისიის კოორდინატორი, ქსავიერ ვან კაუტერი.
ფილიპ ბეგინთან დაკავშირებული შემთხვევა ერთადერთი არ არის: ურჩხულმა სტომატოლოგმა, მარკ ვან ნიროპმა, რომელიც სამჯერ იყო სანქცირებული თავის ქვეყანაში, შეძლო, მშვიდად გაეხსნა პრაქტიკა საფრანგეთში და ასობით პაციენტი დაასახიჩრა. 2016 წელს მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს სტომატოლოგი „შავ სიაში“ ნიდერლანდებში მოხვდა, მაგრამ პრაქტიკა საფრანგეთში გადაიტანა, რადგან სახელმწიფოებს შორის კავშირი სათანადო სიმაღლეზე არ დგას…
რაც შეეხება სტომატოლოგიურ ასოციაციის შექმნას, როგორც ჩანს, ეს საკითხი ბელგიის მთავრობის პრიორიტეტებში ჯერ კიდევ არ შედის.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი