„გერმანია საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს“, – ამის შესახებ გასულ კვირას თბილისში მყოფმა ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა შეხვედრაზე უარი უთხრეს.
„ჩამოვედით საქართველოში და გვსურდა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წევრებთან შეხვედრა. დიპლომატიურად რომ ვთქვათ, როგორღაც შემაწუხებელია, როცა მაღალჩინოსნებმა არ მიგვიღეს და შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პარლამენტარი გვხვდება და გვეუბნება, რომ ჩვენ უგულებელვყოფთ იმ სიკეთეებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ საქართველოსთვის გაუკეთებია. დემოკრატია ერთმანეთთან საუბარია, დემოკრატია აზრებისა და შეხედულებების გაცვლა და ერთმანეთის მოსმენაა. ჩვენ ვხედავდით საპროტესტო აქციებს, რომლებიც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგოდ იმართებოდა თბილისში. ახლა კი ვხედავთ, რომ არჩევნებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და საქართველოს პარლამენტში უმცირესობათა შესახებ ახალ კანონს განიხილავს „ქართული ოცნება“”, – თქვა მედიასთან ულრიხ ლეხტემ, „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელმა.
„ყველამ ვიცით, რომ არსებობს 9 ნაბიჯი, რომლებიც უნდა შესრულდეს გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად გასახსნელად. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა არის მე-10 ნაბიჯიც, რომელიც გულისხმობს „აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევას, რადგან ის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის. ასე რომ, უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი და ასევე მე-10 ნაბიჯი, სანამ გადავალთ გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე. ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ყველასთან, ვისაც შევხვდით, რადგან გვინდა იცოდეთ, გვინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, რომელიც უნდა შესრულდეს”, – განაცხადა ნილს შმიდმა, გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.
„ორი წლის წინ საქართველოში რომ ვიყავი, ყველგან ევროკავშირის დროშები იყო. მოქალაქეებს აივნებსა და ფანჯრებზე ევროკავშირის დროშები ჰქონდათ. ის დროშები ისევ აქ არის. ახლაც გადმოფენილია და დღეს, როდესაც ქართველ ხალხს ვესაუბრებით ქუჩაში, სურსათის მაღაზიასა თუ სხვა ადგილებში, ვხვდებით, რომ მათ კვლავ ძლიერად სურთ ევროკავშირში გაწევრება. ძალიან მახარებს ამის დანახვა. ამავდროულად, ძალიან ვნერვიულობ, როდესაც ვხედავ, თუ სად მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ეს ქვეყანა“, – უთხრა ჟურნალისტებს დებორა დიურინგმა, „მწვანეთა პარტიის” წარმომადგენელი.
მას შემდეგ, რაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველმა პირებმა შეხვედრებზე უარი განაცხადეს, დელეგაციის წევრები პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღო. როგორც ბუნდესტაგის წარმომადგენლები ამბობენ, ნიკოლოზ სამხარაძემ მათ უსაყვედურა, „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნისთვის გაკეთებული სიკეთეების უგულებელყოფისთვის.
„განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი: წინასაარჩევნო გარემო, გამჭვირვალობის კანონი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. ნებისმიერი მიუკერძოებელი ორგანიზაცია ხედავს იმას, რომ საქართველო ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით წინ არის. გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნების შემდეგ როდესაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, უფრო მეტ ძალისხმევას ჩავდებთ, საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ უცხოელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ.
ბუნდესტაგის წარმომადგენელთა თბილისში ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ შეხვდა მთავრობის მეთაური გერმანიის დელეგაციას მათი მხრიდან გამოხატული სურვილის მიუხედავად.
„მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის. მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ რამდენიმე თვის წინ განახორციელა. გახსოვთ, ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი იყო საქართველოში ჩამოსული, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, პარლამენტარი და მის შემდეგ რამდენიმე საათში ის რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე აღმოჩნდა. პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი და ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრებიც მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ბუნდესტაგის წარმომადგენლებმა მედიასთან 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობა საარჩევნო პროცესს ყურადღებით დააკვირდება.
წყარო: euronewsgeorgia