ჩინეთმა საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების კვოტა გაუზარდა – რა მოცულობის ნებართვებს აიღებენ ქართველი გადამზიდავები?

საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით, საერთაშორისო სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების კვოტები იზრდება. შეთანხმება საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო – ჩინეთის პირველ შერეული კომისიის სხდომაზე შედგა, რომელსაც ქართული დელეგაციიდან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე ესწრებოდა.
როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გვაცნობეს, თუ 2024 წელს ორმხრივი ტრანზიტული ნებართვებისთვის 3000 ერთეული კვოტა იყო გამოყოფილი, მომავალი წლიდან ეს კვოტა 66%-ით გაიზრდება, 150%-ით იზრდება მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან ტვირთის ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილ კვოტა, რაც მიმდინარე წლისთვის 1000 ერთეულს შეადგენდა.
ქართული გადამზიდავი კომპანიებისთვის ორ ქვეყანას შორის სახმელეთო გზით ტვირთის ტრანსპორტირების კვოტების ზრდა შესაძლებლობაა ჩინეთიდან საქართველოში ან საქართველოს გავლით ევროპაში განახორციელონ გადაზიდვები. როგორც ირაკლი სიორდია, Hegelmann Multimodal Georgia- ს ლოგისტიკის ხელმძღვანელი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, წითელი ზღვის კრიზისის ფონზე ტვირთმფლობელებისთვის განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა სახმელეთო მიმართულება, მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო გზით ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება საზღვაო გზით გადაზიდვებისაა 20%-ით აჭარბებს.
„ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო კვოტების რაოდენობის გაზრდა. ეს დაგვეხმარება ავითვისოთ საზღვაოს გარდა სახმელეთო გადაზიდვები ჩინეთიდან საქართველოს და ევროპის მიმართულებით.
თუ შევადარებთ საზღვაო მიმართულებას, მოგეხსენებათ წითელი ზღვის კრიზისი ისევ აქტიურ ფაზაშია და აქედან გამომდინარე ნელ-ნელა კლიენტებმაც დაიწყეს მოთხოვნა სახმელეთო მიმართულებაზე. მართალია სახმელეთოს ფასი ცოტათი სცდება საზღვაოს ფასს, თუმცა დროის კუთხით იმდენად მოგებიანია, რომ ბევრ ჩვენს მომხმარებელს ურჩევნია მეტი გადაიხადონ და უფრო ადრე ჩამოვიდეს ტვირთი.
თავად ჩინური კომპანიები ჯერ ნაკლებად არიან გააქტიურებული საქართველოს მიმართულებით, თუმცა გააქტიურების შემთხვევაში ძალიან დიდ კონკურენციას გაუწევენ ქართველ გადამზიდავებს, რადგან თავიანთი ავტოპარკი ჰყავთ, თავიანთი ავტოინდუსტრია ჰყავთ და აქედან გამომდინარე ნაკლები ხარჯი ექნებათ, ვიდრე ჩვენ. ჩვენ თუ მოვასწრებთ ამ მიმართულების ათვისებას, შეგვიძლია მათთან შევიდეთ კონკურენციაში და სხვა გადამზიდავებთანაც, მთავარია მოვახერხოთ ამ ბაზრის ათვისება“, – აცხადებს ირაკლი სიორდია, Hegelmann Multimodal Georgia- ს ლოგისტიკის ხელმძღვანელი.
ჩინეთის მიმართულებით სატრანზიტო ნებართვების კვოტის ზრდას დადებითად აფასებს TOPTRANS-ის აღმასრულებელი დირექტორიც, თუმცა როგორც ზურაბ კვარაცხელია განმარტავს, კვოტა მხოლოდ ქართველი გადამზიდავებისთვის არ იზრდება, შესაბამისად არსებობს რისკი, რომ მომავალში შესაძლოა ჩინელი გადამზიდავები ქართულ კომპანიებთან სერიოზულ კონკურენციაში შევიდნენ.
„მისაღებია ეს გადადგმული ნაბიჯი, რადგან სახმელეთო ტრანსპორტი ძალიან აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში ჩინეთთან მიმართებით. ჩინეთი ძალიან დიდი ექსპორტიორია, მათ შორის საქართველოს მიმართულებით და ძირითადი გადაზიდვები ხორციელდებოდა საზღვაო გზით, ამ შემთხვევაში გადამზიდავებს საშუალება ეძლევათ, სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდონ ტვირთი, რაც თავის მხრივ გარკვეულ პლუსებთან არის დაკავშირებით, ერთი ვადები და მეტად მოქნილობა.
უვიზო რეჟიმი ხელის შემწყობი ფაქტორია ამ აქტივობაში. როგორც გადამზიდავებისთვის, ისე ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ანუ მძღოლებისთვის, ვინც დამოუკიდებლად მუშაობენ, თუმცა გარკვეულ რისკს ვხედავ მომავალ პერსპექტივაში, რადგან ჩინური წარმოების აქტივობები ძალიან გაზრდილია, მათ შორის სატრანსპორტო სფეროში.
კვოტების გაცემა არ გულისხმობს, რომ მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში არსებულ კომპანიებს ექნებათ ამის შესაძლებლობა, ეს ვრცელდება ჩინეთში რეგისტრირებული კომპანიებზეც. ამ დიდმა კომპანიებმა რომ მოინდომონ ამ აქტივობის განხორციელება, ვფიქრობ, დროის ცვალებადობასთან ერთად შეიძლება გარკვეული საფრთხეები შეუქმნან ქართველ გადამზიდავებს.
საქართველოს როლი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია და არ დაიკარგება, თუმცა კონკურენცია საკმაოდ რთული იქნება, რადგან მათ აქვთ ძალიან დიდი რესურსი, რომ აჯობონ სხვა ქვეყნის კომპანიებს“, – აცხადებს ზურაბ კვარაცხელია.