საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გერმანელ სამართალდამცავებთან თანამშრომლობით ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს, რომელშიც მათი განცხადებით, დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელები ფიგურირებს.
კერძოდ, პროკურატურაში ამბობენ, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა „ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში“ მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, მისი დის და მისი დის შვილის ანგარიშებზე.
კეზერაშვილს და მის ნათესავებს ბრალი წარდგენილი არ აქვთ.
უწყების განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.
უწყებაში ამბობენ, რომ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის – შპს ,,მორგან ლიმიტედი“-ს ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს:
„თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ხსენებული თანხების მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით,“ — აცხადებენ პროკურატურაში.
უწყებაში ამბობენ, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.
უწყების განცხადებით, ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით ქ. თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლ-ცენტრი, რომელშიც მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ასეულობით კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, შავი ჩანაწერები და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. იდენტიფიცირებული არიან თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში ჩართული სხვა პირებიც.
„ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 800 000 აშშ დოლარზე მეტი ფულადი თანხა, ძვირადღირებული ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები. სასამართლო განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების კუთვნილ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების აქტივებს – ბრალდებულების საბანკო ანგარიშებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.
დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ — ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ წელს ბრიტანულმა BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლიც თანახმადაც, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია “ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
კეზერაშვილი უარყოფდა ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმიანებულ ბრალდებებს. მან ბრიტანულ ტელეკომპანია BBC-ს საჩივრით მიმართა და მოსთხოვა, უარყოს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში გახმიანებული ცნობები.