“დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი” – დეპუტატები საკონსტიტუციოს

ოპოზიციონერი დეპუტატები, და თამარ კორძაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, დროულად შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება.
ისინი საზოგადოებას ახსენებენ, რომ რუსული კანონის მოქმედება საქართველოში, გამორიცხავს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამიტომ, ხაზს უსვამენ საკონსტიტუციოს თითოეული მოსამართლის პირად პასუხისმგებლობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნების საქმეში.
“ერთი კვირა გადის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მოისმინა რუსულ კანონთან დაკავშირებული უმძიმესი არგუმენტები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას ის არ ჩქარობს. მე მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა სასამართლოს – ყოველი დღე, ყოველი საათი, როდესაც თქვენ არ აჩერებთ ამ ქვეყანაში რუსული კანონის მოქმედებას, გაჩერებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. თქვენ, ისევე როგორც ნებისმიერ კონსტიტუციურ ორგანოს, გაკისრიათ ვალდებულება, რომ მიიღოთ ყველა ზომა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის და ხართ ვალდებულნი, რომ დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება რუსულ კანონთან დაკავშირებით. ძალიან დიდ ფასს იხდის ჩვენი ქვეყანა ყოველ დღეს, როდესაც ცხოვრება გრძელდება არა ქართული კონსტიტუციით, არამედ რუსული კანონით […]
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა, ამ ქვეყნის ათიათასობით მოქალაქის წინაშე, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე და კიდევ ერთხელ გითხრათ – დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი. ამიტომ, აღასრულეთ კონსტიტუციის 78-ე მუხლი და იმოქმედეთ საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მან გაიხსენა საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი ევროკავშირის გრანტის შეჩერება და განაცხადა, რომ რუსული კანონი საქართველოს მოქალაქეებს ართმევს ამ და სხვა სიკეთეებს.
თამარ კორძაიამ ისაუბრა ქვეყანაში თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე. მისი თქმით რუსული კანონი გაანადგურებს თავისუფალ სიტყვას საქართველოში.
“წამმზომი ჩართულია. ჩართულია ორივე მიმართულებით – ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტდა და ასევე, თავისუფალი სივრცეების განადგურების ნაწილში […] ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ისევე არ გაქრეს თავისუფალი მედია, როგორც რუსეთში. ნუ გავაგრძელებთ იმ გზას, რაც რუსეთში არის დღეს”, – აცხადებს კორძაია.
მან გაიხსენა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთრლი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოსი საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო.
“ჩვენ უარესი გველოდება წინ. იმიტომ, რომ ამ კანონის ყოველწუთიერი მოქმედება უმძიმეს დარტყმას აყენებს თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს ამ ქვეყანაში”, – ამბობს კორძაია.
მე-6 დღეა, რაც საკონსტიტუციო სასამართლო ფიქრობს, მიიღოს თუ არა წარმოებაში რუსული კანონის წინააღმდეგ შესული ოთხი სარჩელი. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია განხილვის დასრულებამდე შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება საქართველოში. სწორედ ამას ითხოვენ მოსარჩელეებიც.
პრეზიდენტის, ოპოზიციონერი დეპუტატებისა, სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის სარჩელების გამწესრიგებელი სხდომები 29, 30 და 31 აგვისტოს გაიმართა. თუმცა, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
სწორედ ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია წარმოადგენდნენ ერთ-ერთი, ოპოზიციონერები დეპუტატების სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში.