რა შეთანხმებების შესრულებას ითხოვს მოსკოვი აფხაზეთისგან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვმა აფხაზეთს დახმარება ორმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუჩერა.
როგორც ლავროვმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, მან მოსკოვში მიიწვია ს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რომელსაც კარგად ესმის ვალდებულებების დაბალანსების მნიშვნელობა.
„ამას [ურთიერთობების] გამწვავებას ვერ დავარქმევ. ეს არის მიღწეული შეთანხმებების განხორციელება. არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელიც სანქცირებულია პრეზიდენტების მიერ, მოწონებულია ორი ქვეყნის მთავრობების მიერ და რატიფიცირებულია პარლამენტების მიერ. ამ შეთანხმებების შესაბამისად, თითოეულ ქვეყანას თავისი ვალდებულებები აქვს. საუბარია ამ ვალდებულებების ბალანსის დაცვაზე“, — განაცხადა ლავროვმა.
რას შეთანხმებების შესრულებას ითხოვს მოსკოვი?
1-ლი სექტემბრიდან მოსკოვმა მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსური დახმარების ნაწილი შეუჩერა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 3 სექტემბერს განაცხადა. აფხაზური მხარის ცნობით, საუბარია სოციალურ გადასახადებზე 141 მლნ რუბლის ოდენობით, რაც 4 მილიონ ლარზე მეტია.
სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელდა სკანირებული პროტოკოლი ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრის შესახებ.
ვიდრე შამბა სანქციების დაწესებას დაადასტურებდა, სწორედ პროტოკოლის ტექსტიდან გახდა ცნობილი, რომ მოსკოვი 1-ლი სექტემბრიდან შეაჩერებდა ფინანსურ დახმარებას აფხაზური მხარის მიერ შემდეგი ვალდებულებების შესრულებამდე:
· ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ ორხრივი შეთანხმების რატიფიცირება;
· რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია;
· რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა აფხაზეთში უძრავი ქონების (აპარტამენტები) ბაზარზე.
პროტოკოლში ასევე საუბარია რუსეთისა და აფხაზეთის პარლამენტებს შორის კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანაზე და იმაზე, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას არა სპეციალური ფასდაკლებით, არამედ მხოლოდ კომერციულ ფასად მიაწვდის.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ უარყო პროტოკოლის ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთში განსაკუთრებული ვნებათაღელვის საფუძველი გახდა და რომლის თანახმადაც, თითქოსდა, ბჟანიამ ვალდებულება აიღო, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვისათვის, მოსკოვს 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია იმ დეპუტატებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებსა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს აზიანებენ.
აფხაზეთში უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის საკითხი პერიოდულად დღის წესრიგში დგება ხოლმე. თუმცა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს თემა სხვადასხვა დონეზე უპრეცედენტოდ ხშირად განიხილება.
აფხაზეთში მიწისა და უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის დაშვება, რასაც მოსკოვი ითხოვს, რათა რუსებმა უძრავი ქონება დაისაკუთრონ, წლებია, წინააღმდეგობრივ საკითხს წარმოადგენს რუსეთსა და აფხაზეთს შორის.
„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, განვიცდით სრულიად არაკეთილსინდისიერ კამპანიას, რომელიც დაკავშირებულია ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკთან. ამ კამპანიის დროს არაერთმა პოლიტიკოსმა აიმაღლა რეიტინგი და არ უფიქრია, თუ რამდენად ურთიერთდაკავშირებულია რუსეთი და აფხაზეთი, რამდენად სჭირდება აფხაზეთს რუსეთის მხარდაჭერა ყველა სფეროში“, — განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა.
აფხაზეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემი შეთანხმების რატიფიცირებას ერთ წელზე მეტი დასჭირდა.
„საკმაოდ დიდი ხანია, აფხაზეთის პარლამენტი თავს არიდებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებულ დაპირებების შესრულებას. მაგალითად, ის არ ცნობს საარბიტრაჟო სასამართლოების იურისდიქციას. ამ საკითხზე დოკუმენტი პარლამენტშია, მაგრამ დეპუტატები გადაწყვეტილებებს არ იღებენ პოპულისტური განწყობებისა და რუსეთის წინააღმდეგ ეჭვების კამპანიის გავლენით, რომელსაც აწარმოებენ ზოგიერთი პირი (მათ შორის დეპუტატთა კორპუსიდან). ყველაფერი დანარჩენი, როგორც მე მესმის, შემდგომი მოლაპარაკებების და დისკუსიების პროცესშია“, – განაცხადა ზატულინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?