დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი, ამიტომ აღასრულეთ კონსტიტუციის 78-ე მუხლი და იმოქმედეთ საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
მისი თქმით, საქართველო ყოველ დღე ძალიან დიდ ფასს იხდის, როდესაც ქვეყანა ცხოვრებას არა ქართული კონსტიტუციით, არამედ “რუსული კანონით” აგრძელებს.
“ერთი კვირა გადის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მოისმინა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით უმძიმესი არგუმენტები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას ის არ ჩქარობს. მე მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა სასამართლოს: ყოველი დღე და საათი, როდესაც თქვენ არ აჩერებთ ამ ქვეყანაში “რუსული კანონის” მოქმედებას, გაჩერებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. თქვენ, ისევე როგორც ნებისმიერ კონსტიტუციურ ორგანოს, გაკისრიათ ვალდებულება, რომ მიიღოთ ყველა ზომა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის და ხართ ვალდებულნი, რომ დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება “რუსულ კანონთან” დაკავშირებით. ძალიან დიდ ფასს იხდის ჩვენი ქვეყანა ყოველ დღე, როდესაც ეს ქვეყანა აგრძელებს არა ქართული კონსტიტუციით, არამედ “რუსული კანონით”ცხოვრებას. სწორედ საკონსტიტუციო განხილვის დროს ჩვენ ვნახეთ ბატონი ბორელის მკაფიო განცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ ევროკავშირმა გააჩერა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი ამ დღეებში, რომელიც მიმართული იყო საქართველოს რეგიონებისკენ. ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი, რომელიც განიცადა ასობით ადამიანმა, რომელიც საქართველოს რეგიონში ცხოვრობს და რომლისთვისაც ეს პროექტი უმნიშვნელოვანესი იყო. ჩვენს ასევე ვხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყოველდღიურ განცხადებებს, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს შესაძლებლობებს, სწრაფად გაიაროს გზა ევროკავშირისკენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის ათი ათასობით მოქალაქის და ევროპული მომავლის წინაშე და კიდევ ერთხელ გითხრათ: დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი, ამიტომ აღასრულეთ კონსტიტუციის 78-ე მუხლი და იმოქმედეთ საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.