ქართველი გულშემატკივრები მონატრებულ და წარმატებულ ნაკრებს ელიან! – თავი მაღლა და ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე…

საქართველოს ნაკრები ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად იასპარეზებს. ვილი სანიოლის გუნდი ისევ ჩეხებს შეხვდება, რომელთაც გერმანიაში ფრედ (1:1) ეთამაშა – “მიხეილ მესხზე” შაბათს, 7 სექტემბერს, 20:00 საათზე.
“ჯვაროსნებმა” ევროპირველობის მერვედფინალში გასვლით თავი მაღლა ასწია და ახლა მუნდიალზე ფიქრი დაიწყო. “ერთა ლიგა” ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული ტურნირია, უკვე ორი დივიზიონით დავწინაურდით. მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაცილებით რთულია, ხსნებული ტურნირი ამის პირდაპირ საშუალებას არ გვაძლევს.
ბოლო 11 საერთაშორისო მატჩიდან საქართველო მხოლოდ სამში დამარცხდა და აქედან ორჯერ ესპანეთთან. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მისვლის შემდეგ
ჩეხეთის ნაკრები ჯერ “ერთა ლიგის” მთავარი დივიზიონიდან გავარდა, უკანასკნელი ევრო კი ქართველებთან მოპოვებული ერთადერთი ქულით (1:1) დაასრულა. მწვრთნელ ივან ჰასეკს მოუწევს, ისევ გააჩინოს ის ნაპერწკალი, რაც მუშაობის დასაწყისში ჰქონდა. ევრო 2024-ის შემდეგ ფიფას რეიტინგში ისინი 13 საფეხურით დაეცნენ. ბოლო 13 გასვლითი დაპირისპირებიდან ჩეხებმა მხოლოდ სამი მოიგეს და ამ მხრივ საკმაოდ უჭირთ.
როგორი იყო წინა მატჩი და რა ცვლილებებს ველით –
ისევ ჩეხეთის წინააღმდეგ – რა უნდა შეცვალოს სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ…

ევროპირველობის შემდეგ, ამ ეტაპზე, სანიოლის გუნდთან ერთად არ არიან კვირკველია, შენგელია, კვეკვესკირი და ქვილითაია, ხოლო მექვაბიშვილი და სიგუა ტრავმირებულები არიან; გვყავს დებიუტანტები – გოგლიჩიძე, გადრანი და ნონიკაშვილი. ცვლილებებია ჩეხეთის ნაკრებშიც. ლევერკუზენის “ბაიერის” კიპერი მატეი კოვარი აქ მთავარი მეკარე გახდება. კაპიტანი ტომას სოუჩეკი (“ვესტ ჰემი”) ნაკრების რიგებში 73-ედ ითამაშებს. მათგან ყველაზე სახიფათო ისევ პატრიკ შიკი იქნება, რომელიც 40 სანაკრებო შეხვედრაში 20 გოლის ავტორია.

საქართველოს ნაკრების ძალები კონტრშეტევებზე ჩეხებმა კარგად დაინახეს (ჩვენ – მათი ჩაწოდებების ხიფათი), ჰამბურგში გამარჯვებაც შეგვეძლო. დაველოდოთ, თბილისში როგორ სცენარს ვიხილავთ – გულშემატკივრები მონატრებულ და წარმატებულ ნაკრებს ელიან!..

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა – ვინ როგორ ფორმაშია…

ჩეხების ჩაწოდებები და “კვარა” მათი მთავარი საფიქრალი – ევროპის ჩემპიონობა, პანენკას პენალტი…

ისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს – როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები…