„გასულ წელს საცხოვრებელ ხელფასზე ნაკლები ხელფასი დასაქმებულთა დაახლოებით 70%-ს ჰქონდა“

2023 წელს, საცხოვრებელ ხელფასზე ნაკლები ხელფასი დასაქმებულთა დაახლოებით 70%-ს ჰქონდა, წინა წლებში კი ეს რაოდენობა 70%-სა 80%-ს შორის მერყეობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
„საარსებო მინიმუმისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის საჭირო ხარჯს მოიცავს და რომლის გამოთვლის მეთოდსაც ბევრი აყენებს ეჭვქვეშ, საცხოვრებელი ხელფასი ფიზიკური გადარჩენის გარდა, ადამიანის და მისი ოჯახის განვითარების გარკვეულ (მინიმალურ) შესაძლებლობასაც იძლევა.
2022 წელს საცხოვრებელი ხელფასი 1,770 ლარი იყო, 2023 წელს – 1,706 ლარი, 2024 წელს კი – 1,856 ლარია“, – ნათქვამია სტატიაში.
ცნობისთვის, საცხოვრებელი ხელფასი გულისხმობს ისეთ ხელფასს, რომელიც მოქალაქეს უზრუნველყოფს საკვებით, საცხოვრისით, ტანისამოსით, განათლებით, ჯანდაცვით, ტრანსპორტირებით, სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯით და მოულოდნელი საჭიროებით გამოწვეული ხარჯებით.
საცხოვრებელ ხელფასს საქართველოში ღირსეული შრომის პლატფორმა ითვლის, ნიდერლანდებში განთავსებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის The WageIndicator Foundation მეთოდოლოგიით.