პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებით, პარტიის წევრებს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე ნაწილზე მხარდაჭერა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.
კერძოდ, როგორც გახარიას პარტიაში ნეტგაზეთს უთხრეს, ისინი პაკეტში შემავალ ორ კანონპროექტს უჭერდნენ მხარს: „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ ცვლილებებს.
თუმცა, მათი თქმით, იმისა გამო რომ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ერთიანად უყარა კენჭი და არა ცალ-ცალკე კანონპროექტებს, მათ მთლიან პაკეტს მხარი აღარ დაუჭირეს.
„იმისათვის, რომ „ოცნებისთვის“ არ მიგვეცა ბავშვთა უფლებებით მორიგჯერ სპეკულაციის საშუალება, დღეს გვსურდა მხარდაჭერის დაფიქსირება იმ კანონპროექტებისთვის, რომლებიც ემსახურება ჩვენი ბავშვების, ვიმეორებ ბავშვების დაცვას პროპაგანდისგან. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბავშვები დავიცვათ ნებისმიერი პროპაგანდისგან. დღეს ოცნებამ პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან.
ყველაზე სამწუხარო რეალობა არის ის, რომ „ოცნება“ დღეს ამ კანონებს იღებს არა იმიტომ, რომ ბავშვები ადარდებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებს იყენებენ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის.
მხარი რატომ არ დავუჭირეთ სხვა პროექტებს? რადგან ძალიან ნათელია, რომ ეს კანონები „ოცნებას“ სჭირდება არჩევნებზე ხმების მოტყუებით მოსაპოვებლად. 26 ოქტომბერს არჩევნებით თქვენთან ერთად უნდა დავასრულოთ „ოცნების“ სიყალბე და ტყუილები“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ნეტგაზეთმა პარტიის წევრს, მიხეილ დაუშვილს ჰკითხა, არსებობს თუ არა ისეთი რისკი დღეს, რის გამოც საჭიროა ამ კანონის მიღება და ხედავდნენ თუ არა სკოლებსა და ბაღებში, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდა ვრცელდებოდა.
პასუხად მიხეილ დაუშვილმა განგვიცხადა, რომ მიუხედავად იმისა, „რამდენადაც მაღალი ან დაბალია“ საფრთხე, ისინი მზად იყვნენ მხარი დაეჭირათ პაკეტის იმ ნაწილზე, რომელიც სკოლებსა და ბაღებს შეეხებოდათ
„ჩვენ საკონსტიტუციო საჯარო განხილვებშიც ვმონაწილეობდით და მკაფიოდ დავინახეთ, რომ „ოცნების“ მთავარი მიზანი არის არა ბავშვების უფლებების დაცვა, არამედ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხები რაც არის, მათზე მანიპულირებით და მოტყუებით ხმების მობილიზება.
ამის მიუხედავად, ამ პროექტში რაც იყო ჩვენთვის გაზიარებადი პროექტები, ეს იყო ბაღებსა და სკოლებში ბავშვების დაცვა, მიუხედავად იმისა, დღეს რისკი თუ საფრთხე პროპაგანდისა და ამ საფრთხეების რეალიზების შესაძლებლობა რამდენადაც მაღალი ან დაბალია.
ვინაიდან ჩვენ ამაზე კომუნიკაცია გვქონდა ადამიანებთან, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ შორის ჩვენი მხარდამჭერებისთვის ეს თემები არის სენსიტიური, აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. სამწუხაროდ, ეს საჭირბოროტო საკითხი არის“, – განუცხადა ნეტგაზეთს მიხეილ დაუშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენით მიღება დაგმო ევროკავშირმაც და ფუნდამენტური უფლებებისთვის ძირის გამომთხრელად შეაფასა, დაუშვილი ამბობს:
„ევროკავშირმა შეფასება გააკეთა მთლიან პროექტთან და ძირითად კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ჩვენი პოზიცია არის ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
დღეს, 4 აგვისტოს, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანების უფლებებს უზღუდავს.
საკანონმდებლო პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ჰომოფობიურის საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა.აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ლგბტ პროპაგანდას“ ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე -აწესებს ცენზურას.
აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.
არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.
მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მანიპულირებს მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია. ამ თემაზე:
· როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით”
· სიმართლე ე.წ. ლგბტ პროპაგანდაზე