“ძალიან კარგი კანონპროექტი გვაქვს, რომლის გატანისთვისაც ვიბრძვით” – მაია მელიქიძე

“ძალიან კარგი კანონპროექტი გვაქვს, რომლის გატანისთვისაც ვიბრძვით“, – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას გენერაციის მეტი ახალი ობიექტის, მათ შორის მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.
GREDA-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება.
აღსანიშნავია, რომ GREDA აღნიშნულ ინიციატივაზე უკვე რამდენიმე წელია საუბრობს და კანონპროექტიც მოამზადა, მაგრამ საკანონმდებლო პაკეტს ამ დრომდე მთავრობის მოწონება არ აქვს და შესაბამისად, ვერც საპარლამენტო განხილვები იწყება.