რამდენის დახარჯვას გეგმავს მერია წელს „თბილისობის“ ღონისძიებებზე

თბილისის მერიამ დედაქალაქში 5-6 ოქტომბერს თბილისობის ღონისძიებების განხორციელების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით, შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
შესაბამისი განაცხადი სააგენტოს ვებგვერდზე უკვე აიტვირთა, სადაც ნათქვამია, რომ ღონისძიებების ღირებულება წელს 3.5 მლნ ლარი იქნება. ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში ორბელიანის მოედანზე და მის მიმდებარედ, ასევე რიყის პარკში გაიმართება. აქტივობები კულტურულ, სპორტულ, საბავშვო და სხვადასხვა სანახაობრივ აქტივობას გააერთიანებს, რომელიც ყველა ასაკზე უნდა იყოს გათვლილი.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორატიული ჯიხურები და დახლები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, მრავალფეროვანი დეკორაციები/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, ღვინის ზონა, ფრანების ხეივანი. გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენები/პერფორმანსები, საუბრები ეზოებში.
ტრადიციული აქტივობების გარცა, წელს გაიმართება: „ტკბილეულის ფესტივალი“, „გაუსინჯე თბილისს გემო“, „თბილისური მრავალფეროვნება“ და „თბილისური ბაზარი“.
ცნობისთვის, გასულ წელს „თბილისობის“ ღონისძიებებზე 3.1 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.