ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი, შორენა შამათავა დღეს, 4 სექტემბერს, თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და ნოქალაქევის საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას მიმართავს.
EDU.ARIS.GE წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“მინდა, ჩემი მადლიერება გამოვხატო და მადლობა გადაგიხადოთ ურთიერთთანამშრომლობისთვის და იმ სიყვარულისთვის, რაც ჩემს მიმართ წლების მანძილზე გამოიჩინეთ.
2014 წლიდან ვმუშაობდი ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე, 27 აგვისტოს კი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით და დირექტორის პოზიციაზე სწორედ ის დანიშნეს, სამეურვეო საბჭომ რომ არ აირჩიეთ…
წლების მანძილზე აუარებელი სითბო, სიყვარული, თანადგომა და პატივისცემა მივიღე თქვენგან ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, მშობლებო და მოსწავლეებო.
ჩვენ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, დაუღალავი შრომით, თანადგომით შევძელით თანამედროვე სტანდარტების სკოლის ჩამოყალიბება, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება, კვალიფიციური კადრების გადამზადება, უამრავი სასკოლო ღონისძიებების, სასკოლო და სარაიონო კონკურსებში მონაწილეობა, სკოლის ავტორიზაცია, ბევრი გამარჯვება და წარმატებული შედეგი.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ჩემი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
ბუნებრივია, თქვენი გაკვირვება და პროტესტიც, მაგრამ რას ვიზამთ, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია.
თქვენმა სოციალურ ქსელში აქტიურობამ, პირადმა შეტყობინებებმა და ჩემთან განხორციელებულ ზარებში ნათქვამმა სიტყვებმა და მადლიერებამ ჩემს მიმართ, გული გამითბო. არ შემიძლია, უპასუხოდ დავტოვო ამხელა სითბო და სიყვარული, რომელიც თქვენგან მივიღე.
განსაკუთრებით მინდა მოვეფორო იმ მშობლებს, ვისაც გუშინ დაურეკეს და ზეწოლით ააღებინეს პოსტები და კომენტარები. არა უშავს, ყველაფერი დროებითია და სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე. არ შეგეშინდეთ ზეწოლის და მუქარის.
ყველანი მიყვარხართ ძალიან, ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობა ამით არ დამთავრდება, უღრმესი მადლობა.
პატივისცემით, შორენა შამათავა”.