მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს პორტებში ტარიფები მსოფლიოს რიგ საუკეთესო პორტთან შედარებით მაღალია. კვლევის მიხედვით, 1500 TEU-ს ტევადობის გემის ფოთის საზღვაო ნავსადგურში შესვლის სანავსადგურო მოსაკრებლები და გადასახადები 38 000 დოლარია, რაც საშუალოდ, ერთი 40- ფუტიანი კონტეინერისთვის 97 დოლარს შეადგენს. ბათუმში ეს ფასი 32 300 დოლარია (80 დოლარი 40-ფუტიან კონტეინერზე). ასეთივე მოცულობის გემისთვის მოსაკრებლები და გადასახდელები როტერდამის პორტში 17 100 დოლარია.
კვლევაში წერია, რომ მაღალი ტვირთის გადამუშავების ტარიფებიც. მთლიანობაში 40-ფუტიანი კონტეინერის შემთხვევაში ჯამური საფასური ფოთში 275 დოლარია, ბათუმის პორტში – 430 დოლარი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს აქთაუს ან ბაქოს საერთაშორისო პორტის ტარიფებს, სადაც საფასური 148 დოლარია, ასევე ევროპული თუ აზიური პორტების ტარიფებს.
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „სოფმარის“ დირექტორმა ვახტანგ ალანიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განმარტა, რატომ არის ძვირი საქართველოს პორტები.
მისი თქმით, 6 ნავმისადგომიდან სრულყოფილად მხოლოდ 2 მუშაობს. აღნიშნული ორი ნავმისადგომიდან მიღებული მოგება კი დარჩენილ 6-ზე იყოფა, რაც ტარიფს აძვირებს.
„10 000 ტონას ვამუშავებთ თუ მილიონს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა 10 ან 20 ტონის დაკვეთა მოდის, ერთი ფასია და როცა 10 000 ან 100 000 ტონის დაკვეთაა სულ სხვა ტარიფია. ფასი მოცულობიდან გამომდინარეა. მაგალითად, ფოთის ნავსადგური მშრალი ტვირთის გადასამუშავებლად აშენდა, ბათუმის – თხევადი ტვირთებისთვის, ფოთის კი მშრალი ტვირთებისთვის. როცა ეს გაყოფილია, მაშინ რკინიგზის ინფრასტრუქტურა თავიდანვე სხვანაირად შენდება. ექვსი ნავმისადგომიდან სრულყოფილად მხოლოდ 2 მუშაობს, დანარჩენი შესაკეთებელია და ამ ორის მოგება 6 ნავმისადგომზე იყოფა – რა თქმა უნდა, ტვირთი ორ ნავმისადგომზე დასამუშავებლად ძვირი იქნება“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, რა შეცვლის ამ ვითარებას? – მას უპასუხა, რომ კონკურენცია.
„სახელმწიფო ვერ ერევა, რადგან ნავსადგური კერძოა. ფოთის პორტი არის მონოპოლისტი მშრალი ტვირთის გადამუშავებაში. ბათუმში პატარაა და შესაბამისი რაოდენობა ვერ მუშავდება და ფოთს კონკურენციას ვერ უწევს. ფაქტობრივად ფოთი ერთი მონოპოლისტია. გვჭირდება ანაკლია, რომ კონკურენტი იყოს – კონკურენტი ეყოლება და ფასიც ნაკლები იქნება, პირობებიც უკეთესი, ასევე უკეთესი დამოკიდებულება ნავსადგურსა და კლიენტს შორის“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, „სოფმარის“ დირექტორმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ჯერ-ჯერობით დადებითს ვერაფერს ხედავს.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება.
მისი თქმით, ამავე წელს გამოვლინდება კერძო პარტნიორი, რომელთანაც კონცესიის ხელშეკრულება გაფორმდება. ამ ეტაპზე კი აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას განავითარებს.