„მინდოდა, ძალები ჩემს ბიზნესში გამომეცადა“ – ვახტანგ კაჭარავა „თეგეტა ჰოლდინგიდან“ წასვლაზე

ვახტანგ კაჭარავამ „ს ჰოლდინგი“ საკუთარი ბიზნესის დაწყების გამო დატოვა. ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას დღეს უკვე კომპანია Grossmann-ის დამფუძნებელმა განაცხადა.
კაჭარავა აღნიშნავს, რომ „თეგეტაში“ 12 წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება მიიღო და საკუთარი ძალების მოსინჯვა პირად საქმიანობაში გადაწყვიტა.
„12 წელი დიდი პერიოდია. „თეგეტაში“ ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიმუშავე და დიდი გამოცდილება მივიღე. ძალიან კარგ კომპანიაში ვიყავი, თუმცა ჩავთვალე, რომ ცხოვრებასა და კარიერაში ახალი ეტაპი მჭირდებოდა და მინდოდა, ჩემს ბიზნესშიც გამომეცადა საკუთარი ძალები. ამგვარად გადავწყვიტე დამეფუძნებინა ახალი კომპანია GrossMann – სარემონტო, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მასალების მაღაზია“, – აღნიშნა ვახტანგ კაჭარავამ.
აღსანიშნია, რომ კომპანიიდან წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვახტანგ კაჭარავამ Linkedin-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც „თეგეტა ჰოლდინგში“ მუშაობის პერიოდს „დაუჯერებელ მოგზაურობად“ აფასებდა და კომპანიაში მუშაობისას მიღებულ გამოცდილებასა და იმ მიღწევებზე საუბრობდა, რომელიც 12 წლის განმავლობაში „თეგეტას“ ჰქონდა.