“გაიზრდება კონკურენცია და ოპერირების არეალი”- მიკროკრედიტების ლიმიტი იზრდება

მთავრობა მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მომზადებული კანონპროექტით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ორმაგდება. „მიკროკრედიტის არსებული ლიმიტი ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორია სექტორის განვითარებისთვის, რადგან ფერხდება ახალი პროდუქტების შემუშავების შესაძლებლობა და რთულდება არსებული მსესხებლების შენარჩუნება“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი “საქმის კურსთან” სტუმრობისას ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება დროული და საჭირო იყო. მისი შეფასებით, ცვლილება სექტორში გაზრდის კონკურენციას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გაფართოვდება ოპერირების არეალი.
ნინო დევდარიანი ამბობს, რომ მიკროკრედიტების ლიმიტი წლებია არ გაზრდილა, არადა გაიზარდა რეგულირების არეალი, რომლის ქვეშაც ბაზრის მოთამაშეები მოექცნენ, რის გამოც ცვლილებების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.
“ეს ძალიან დროული და საჭირო ცვლილებაა ბაზარზე და სრულიად ვეთანხმებით საკანონმდებლო განმარტებას კანონთან მიმართებით. ეს ხელს შეუწყობს არსებული მომხმარებლების შენარჩუნებას სექტორში, ახალი პროდუქტების განვითარებას და მათ შორის კონკურენციის ზრდასაც. ვფიქრობ, ცვლილებებით უფრო მეტი არეალი მიეცემათ მიკროსაფინანსო ბაზრის მოთამაშეებს ბაზარზე ოპერირებისთვის“, – განაცხადა დევდარიანმა.
მისივე თქმით, ცვლილება დროული და საჭიროა, რადგან ბოლოს ამ მიმართულებით, ცვლილება 2018 წელს განხორციელდა.