დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო დაღუპულები საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები არიან

თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო დაღუპულები საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები არიან, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა თავად ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან.
„დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია -თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.
მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.