არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილზე – როდესაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და „ქართული ოცნება” მხარს უჭერდა, მაშინ „ოცნება” იყო ოცნება, ახლა თურმე კოშმარი გახდა – ეს არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო განცხადებაა

[] როდესაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და „ქართული ოცნება” ამ კამპანიაში მხარს უჭერდა, მაშინ “ოცნება” იყო ოცნება. ახლა, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა აღარ სჭირდება, თურმე კოშმარი გახდა – ეს არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო განცხადებაა, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება.
თალაკვაძის თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ამიტომ არ ენდობა ისეთ ძალებს და ლიდერებს, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთხელ ცვლიან თავის პოზიციას.
„[სალომე ზურაბიშვილი] როდესაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და “ქართული ოცნება” ამ კამპანიაში მხარს უჭერდა, მაშინ „ოცნება” იყო ოცნება. ახლა, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა აღარ სჭირდება, თურმე კოშმარო გახდა. რა თქმა უნდა, ეს არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო განცხადებაა. სინამდვილეში, სწორედ „ქართულმა ოცნებამ” შეძლო ამ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერით მშვიდობის დაცვა, უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი წინსვლის მიღწევა. ამ ყველაფრის შეცვლა, გადაწერა და გადაკეთება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე ამას რა შეფასებას მისცემს ეს ისტორიას სულაც ვერ შეცვლის. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ „ქართულმა ოცნებამ” მიუხედავად ძალიან მძიმე ზეწოლის, საფრთხეების, გარე თუ შიდა მტრების მოქმედებისა 12 წლის განმავლობაში შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევა. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ამათ სხვადასხვა პოლიტიკური კალენდრის მიხედვით, ხან ვის რა და როგორ აწყობს, ისეთ განცხადებებს აკეთებენ. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ამიტომ არ ენდობა ასეთ ძალებს და ლიდერებს, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთხელ ცვლიან თავის პოზიციას. პოლიტიკაში ნდობა ერთ-ერთი უმთავრესია, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებების გაკეთებას”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა”.
ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ