დედამიწის გარშემო უხილავი ელექტრული ველი დააფიქსირეს

უხილავი, სუსტი ენერგიის ველი, რომელიც ჩვენს პლანეტას აკრავს გარშემო, მეცნიერებმა ბოლოსდაბოლოს დააფიქსირეს და გაზომეს.
მას ამბიპოლარულ ველს უწოდებენ და ამ ელექტრული ველის შესახებ მოსაზრება პირველად დაახლოებით 60 წლის წინ გაჩნდა. მისი აღმოჩენა შეცვლის ჩვენი უმშვენიერესი, მუდამ ცვალებადი პლანეტის ქცევისა და ევოლუციის შესწავლის გზებს.
„ნებისმიერ პლანეტას, რომელსაც ატმოსფერო აქვს, ამბიპოლარული ველიც უნდა ჰქონდეს. ახლა, როცა ის საბოლოოდ გავზომეთ, უკვე შეგვიძლია დავიწყოთ იმის შესწავლა, თუ როგორ წარმოქმნა ის ჩვენმა პლანეტამ და სხვა პლანეტებმა დროთა განმავლობაში“, — ამბობს NASA-ს ასტრონომი გლინ კოლინსონი.
დედამიწა კოსმოსში უძრავად ჩამოკიდებული ბურთი არ არის. მას გარს აკრავს მრავალი სახის ველი. მათ შორის გრავიტაციული ველი. გრავიტაციის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ გრავიტაციის გარეშე პლანეტა ვერ იარსებებდა. გრავიტაცია ხელს უწყობს ზედაპირთან ახლოს ატმოსფეროს შენარჩუნებასაც.
ასევე არსებობს მაგნიტური ველი, რომელსაც დედამიწის წიაღში მბრუნავი, გამტარი მატერია წარმოქმნის, რომელიც კინეტიკურ ენერგიას მაგნიტურ ველად გარდაქმნის; ეს მაგნიტური ველი დედამიწის გარშემო, კოსმოსში ვრცელდება და ბრუნავს. ის ჩვენს პლანეტას მზის ქარისა და რადიაციისგან იცავს, ასევე მისი დამსახურებაა ისიც, რომ ატმოსფერო კოსმოსში არ იფანტება.
1968 წელს მეცნიერებმა აღწერეს ფენომენი, რომლის შემჩნევასაც კოსმოსურ ხანამდე ვერ შევძლებდით. დედამიწის პოლუსებზე გადამფრენმა კოსმოსურმა ხომალდებმა პლანეტის ატმოსფეროდან გაქცეული ნაწილაკების ზებგერითი ქარი დააფიქსირეს. ამის საუკეთესო ახსნა მესამე, ელექტროენერგიის ველი იყო.
მას ამბიპოლარულ ველს უწოდებენ და ის ქაოსის აგენტია. ეწინააღმდეგება გრავიტაციას და ნაწილაკები კოსმოსში გააქვს. თუმცა, აქამდე მისი გაზომვა არ შეგვეძლო, რადგან ამის ტექნოლოგია არ გვქონდა. ამიტომ ავაგეთ რაკეტა Endurance, რათა ეს დიდი უხილავი ძალა მოეძებნა“, — განმარტავს კოლინსონი.
ამბიპოლარული ველი ზედაპირიდან დაახლოებით 250 კილომეტრის სიმაღლეზე იწყება, ატმოსფეროს ფენაში, რომელსაც იონოსფეროს უწოდებენ; იქ ექსტრემალური ულტრაიისფერი და მზის რადიაცია ატმოსფერულ ატომებს აიონიზებს, უარყოფითად დამუხტულ ელექტრონებს აცლის და ატომს დადებითა დამუხტულ იონად გადააქცევს.
მსუბუქი ელექტრონები კოსმოსში გაქცევას ეცდებიან, მძიმე იონები კი ზედაპირისკენ ჩაძირვას მოინდომებენ. თუმცა, პლაზმური გარემო ნეიტრალური მუხტის შენარჩუნებას შეეცდება, რის შედეგადაც ჩნდება ელექტრული ველი ელექტრონებსა და იონებს შორის, რაც მათ ერთად ყოფნას განაპირობებს.
ამბიპოლარულ ველს უწოდებენ იმიტომ, რომ ის ორივე მიმართულებით მუშაობს — იონები ქვემოთ მიმართულ ზიდვას განაპირობებენ, ელექტრონები კი ზემოთ.
ვრცლად პირველ არხზე