„ჩასაბარებელი ყურძნის ფასი უცვლელია, რაც ფერმერებში პროტესტს იწვევს“ – მევენახე

„ჩასაბარებელი ყურძნის ფასი უცვლელია, რაც ფერმერებში პროტესტს იწვევს“ – მევენახე
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მევენახე, ლაშა ხიზანიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ყოველ წლიურად ყურძნის თვითღირებულების ფასის ზრდის მიუხედავად, მისი ჩასაბარებელი ფასი კვლავ უცვლელია.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა რთველის სუბსიდირების პრაქტიკას აგრძელებს. მიმდინარე წელს, ამ მიმართულებითბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას მოხმარდება, ხოლო 50 მილიონი ლარი – ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნისსახელმწიფოს მიერ შესყიდვას.
მევენახეს განმარტებით, ლარის ინფლაციის ფონზე, ყურძნის ჩასაბარებელი ფასი უცვლელი რჩება, რამაც მევენახეებში გარკვეული პროტესტი გამოიწვია. თუმცა, პროტესტს მასიური სახე არ ჰქონია.
„წელს, კახეთში სეტყვის გამო ბევრი ვენახი დაზარალდა, თუმცა საერთო ჯამში ნორმალური მოსავალი გვექნება. რაც შეეხება ყურძნის ფასს, ის არ არის კარგი ფასი, რადგან თვითღირებულება ყოველ წელს იზრდება. რადგან, შესაწამლი საშუალებებისა თუ სასუქი საშუალებების ფასები მზარდია.
ჩემი ინფორმაციით, ქარხნები ყურძენს 1 ლარად, 1 ლარად და 5 თეთრად იბარებენ, რაც ძალიან დაბალი ფასია. ყოველ შემთხვევაში, ლარის ინფლაციის ფონზე, ყურძნის ღირებულება უცვლელი რჩება. ამიტომ, მევენახეების მხრიდან უკმაყოფილება მაღალია.
ამასთან დაკავშირებით, მთელი კახეთის მასშტაბით, პატარა წერტილოვანი აქციები გაიმართა, თუმცა, ამას მასიური სახე არ ჰქონია. ერთიანობის განცდა პროტესტის კუთხით არ არის. მე პირადად, ჯერ არ ჩამიბარებია ჩემი ყურძენი, თუმცა სხვა გზა არ მაქვს. ყველა ვარიანტში რომელიმე ქარხანას უნდა მივაკითხო, რადგან სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“,- აცხადებს ხიზანიშვილი.
მევენახე ამასთან აღნიშნავს, რომ ადრე ღვინოსაც აწარმოებდა, თუმცა გეოპოლიტიკური პროცესების, კერძოდ რუსეთ – უკრაინის ომის შედეგად წარმოება შეწყვიტა, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმები ვერ დასახა.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ