ბათუმში აკვარიუმის შენობის სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 6,7 მილიონი ლარი გამოიყო – რა იგეგმება?

ბათუმში აკვარიუმის შენობის სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 6,7 მილიონი ლარი გამოიყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, ლითონის ღობეს, აკვარიუმსა და ეზოში მდებარე აუზებს დაშლიან და ხელახლა გააკეთებენ. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაშია.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, „შენობა აგებულია 1944 წელს. ორსართულიანია. ჩვენამდე მოაღწია სხვადასხვა გადაკეთებებით, კერძოდ – შენობის თავდაპირველი ფორმა ტესებრი იყო, შემდგომ ტეს გაგრძელებაზე მიშენდა ახალი სათავსები კიბის უჯრედით და დაემატა ერთსართულიანი ოვალური ფლიგელი, სადაც განთავსდა აკვარიუმი.
დროთა განმავლობაში შენობაში სხვადასხვა ფუნქციის ორგანიზაციები იყო განთავსებული, რამაც შენობის ერთგვარი დეგრადირება გამოიწვია. კვლევებით დადგინდა მთელი რიგი დაზიანებები.
შენობის პირველ სართულზე მთლიანად მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ფაუნის აკვარიუმები, განსაკუთრებით საინტერესოა წითელ წიგნში შეყვანილი ფაუნის წარმოდგენა.
პირველ სართულზე, პროექტის მიხედვით, ტიხრის კედლების მოხსნის შემდეგ გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე მოეწყობა ტურისტული სივრცეები.
შენობის მეორე სართულზე კი – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ოფისი ლაბორატორიებით, საკონფერენციო მცირე დარბაზი, მიშენების ნაწილში მოეწყობა ოკეანარიუმის მომსახურების კვანძი; ეზოში არსებული საქვირითე დარბაზიც მეორე სართულზე იქნება.
პროექტის მიხედვით, შენობის „ფასადზე გამომავალი ყველა კარ-ფანჯარა შესაცვლელია ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებს, თბომედეგობისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტებს. სრულადაა შესაცვლელი სახურავი თავისი სტრუქტურით და მოსახსნელია მწყობრიდან გამოსული წყლის რეზერვუარები [ხის სტრუქტურაზე დგას, რომელიც დამპალია], რაც დამატებით საფრთხეს ქმნის ადამიანის სიცოცხლისათვის“, – აღნიშნულია პროექტში.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 721 919 ლარი. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი კი 67 219 ლარი.
სამუშაოს შესრულების ვადას, ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.