ევროპელი ახალგაზრდები პრეზერვატივებს სულ უფრო ნაკლებად იყენებენ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, ბოლო წლებში ევროპაში ახალგაზრდები პრეზერვატივებს სულ უფრო ნაკლებად იყენებენ. თუმცა, შვეიცარიაში განსხვავებული ტენდენციაა.
ჯანმო-ს ევროპულმა ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, უსაფრთხო სექსის დონე „შემაშფოთებლად დაბალია, რაც ახალგაზრდებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და დაუგეგმავი ორსულობის სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“.
ეს დასკვნა გამომდინარეობს კვლევის შედეგებიდან, რომელიც რეგიონის 53 ქვეყნიდან (მათ შორის, ცენტრალური აზიის) 42-ში ჩატარდა და რომელშიც 242 ათასი 15 წლის მოზარდი მონაწილეობდა. ამ მონაცემების მიხედვით, სექსუალურად აქტიური ბიჭების წილი, რომლებმაც ბოლო სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივი გამოიყენეს, 70%-დან (2014 წელი) 61%-მდე (2022 წელი) შემცირდა, გოგონებს შორის კი ეს მაჩვენებელი 63%-დან 57%-მდე დაეცა.
გამოკითხვაში მონაწილე ახალგაზრდების თითქმის მესამედმა განაცხადა, რომ ბოლო სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივი ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არ გამოუყენებია. ეს დაახლოებით ისეთივე მაჩვენებელია, როგორიც 2018 წელს დაფიქსირდა. 2022 წელს, 2014 წელთან შედარებით, სტაბილური დარჩა აბების გამოყენებაც – 15 წლის ახალგაზრდების 26%-მა დაადასტურა, რომ ბოლო სექსის დროს ამ საშუალებას მიმართა.
2022 წლის კვლევის თანახმად, შვეიცარიაში, 15 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 22%-ს, ბოლო სქესობრივი აქტის დროს, პრეზერვატივი არ გამოუყენებია.
ამ მაჩვენებლით, შვეიცარია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც კონტრაცეფცია შედარებით ხშირად გამოიყენება. შვედეთში კი პირიქით არის – გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ პრეზერვატივს არ იყენებს.
შვეიცარიაში, იმავე ასაკის გოგონებს შორის, პრეზერვატივი ბოლო სქესობრივი აქტის დროს, არ გამოუყენებია გამოკითხულთა 28%-ს, ხოლო ჩასახვის საწინააღმდეგო აბები – 77%-ს.
ჯანმო-ს ევროპის ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ ბევრი ქვეყანა სათანადო ყურადღებას არ აქცევს ასაკის შესაბამისი სრულყოფილი სექსუალური განათლების მიცემას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არაადეკვატური სექსუალური განათლება იწვევს არა მხოლოდ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და დაუგეგმავი ორსულობის მაჩვენებლების ზრდას, არამედ ასევე ჯანდაცვის ხარჯების მატებას და ახალგაზრდების საგანმანათლებლო და კარიერული პერსპექტივების გაუარესებას.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი