რა საფრთხეა გზებზე ელექტროსკუტერები და სქროლები – როგორია ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა

სქროლები, მოპედები და სხვა მცირე ზომის გადაადგილების საშუალებები საგზაო მოძრაობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არანაირ რეგულაციას არ ემორჩილებიან, მსგავსი ტრანსპორტი ქაოსურად მომრავლდა და ხშირად ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ხდება, რასაც ავარიების სტატისტიკაც ადასტურებს. მსოფლიოში დიდ ქალაქებში უკვე დაიწყებს ამ სახის ტრანსპორტის შეზღუდვა.
მოქნილობისა და სწარფი გადაადგილებისთვის მომხმარებლებისთვის სქროლები საუკეთესო საშუალებაა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებები მომატებულ საფრთხეს ქმნის. სპეციალისტების თქმით, არარსებული რეგუალციები საშუალებას აძლევს მომხმარებელს თავისუფლად და თვითნებურად იმოძრაოს. შედეგად ვიღებთ უმართავ პროცესს.
პრობლემა გლობალურია და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ამ მიმართულებით კანონმდებლობას ამკაცრებენ.
გადაადგილების ახალი ფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანულ ზონებში. ორგანიზაცია ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარის გელა კვაშილავას შეფასებით, ამის მიზეზი დიდ ქალაქებში შექმნილი საცობებია.
“მსგავსი საშუალებებით მოკლე მანძილებზე გადაადგილება ურბანულ ზონებში პოპულარული ხდება. ზოგადად სამგზავრო საშუალებად სქროლები მოსახერხებელი ტრანსპორტია, ეკოლოგიურად სუფთაა და ნაკლებ სივრცეს იკავებს. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემავსებელი ნაწილიც არის. კომბინაციაში გამოიყენება მასთან ერთად, როგროც დამხმარე საშუალება. ევროპაში ამ კუთხით, მოქმედებს კანონმდებლობა. იქ სიჩქარე მაქსიმუმ 20 კმ/სთ-ია და დაუშვებულია ერთზე მეტი ადამიანი სარგებლობდეს. ჩვენთან ეს დარღვეულია. ხშირად ვხედავთ, მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით ერთზე მეტი ადამინი გადაადგილდება. ამიტომაც, კანონმდებლობა დასახვეწია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრიორიტეტი აქვს ამა თუ იმ ქალაქს. ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი დედაქალაქში ისეთი ტრანსპორტით გადაადგილებას, რომელიც ნაკლებ სივრცეს იკავებს, მაგრამ იმავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანია”, – ამბობს გელა კვაშილავა.
ელექტროსკუტერით გადაადგილებისას ბევრი ნიუანსია დასარეგულირებელი. მაგალითად, აუცილებელია ასაკობრივი ზღვრის დაცვა. უცხოეთში 12 წლამდე მოზარდს ეკრძალება ტარება. ასევე, ავსტრიაში სიჩქარე 20-25 კმ/სთ-ია. მანათობლები და ამრეკლები უნდა ჰქონდეს დაყენებული, რომ საღამოს საათებში ხილვადი იყოს.
,,ყველა ქვეყანაში სხვადასხვა წესებია, ჩვენთან ტროტუარების პრობლემაა. სქროლებით გადაადგილებამ ქვეითებს პრობლემები არ უნდა შეუქმნას. ყველა ქვეყანამ თავისი მიდგომა უნდა ჩამოაყალიბოს. ახალი მობილობის ტრანსპორტმა რომ იარსებოს და განვითარდეს აუცილებელია უსაფრთხოების ზომების შემოღება. ყველა ქალაქს აქვს თავის სპეციფიკა და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება”, – აღნიშნა კვაშილავამ.
ელექტროსკუტერების გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება ავტომრბოლელმა და სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტმა მევლუდ მელაძემაც, რომელიც მიიჩნევს, რომ დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა თუ რა გეგმები უნდა შემუშავდეს, რა უნდა შეიცვალოს, რომ მსგავსი ტიპის ტრანსპორტით გადაადგილებისას უსაფრთხოება დავიცვათ.
,,უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ურთულესია ამის რეგულირება, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. უკვე მიმდინარეობს მსჯელობა თუ რა გეგმები უნდა შემუშავდეს, რა უნდა შეიცვალოს, რომ უსაფრთხოება დავიცვათ. რეგულაციები არ მოქმედებს და რაც არ უნდა ზონებად გვქონდეს მითითებული სქროლებმა სად უნდა იაროს, ის მაინც უმოკლეს გზას ირჩევს. ეს ხდება იმიტომ, რომ არ ჯარიმდებიან. საჭიროა ასეთი გადაადგილების საშუალებები ვაღიაროთ სატრანსპორტო ერთეულებად. გვინდა თუარ გვინდა, სხვადასხვა ტიპის სქროლები უკვე მასობრივად შემოდის. სიმრავლესთან ერთად უნდა იყოს შემზღუდავი ბარიერებიც. უპრიანი იქნებოდა საჯარიმო სანქციების შემოღება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ კანონი მასაც ეხება და სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს”, – ამბობს მევლუდ მელაძე.
დღეს არსებული რეგულაციით, სქროლებისთვის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/საათია, თუმცა ეს რეგულაცია რეალურად მხოლოდ ფურცელზე წერია, რადგან მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს.
,,სქროლებით სიარული ვისთვის სახიფათოა, მაგრამ ვიღაცისთვის მოხერხებულია. ამიტომაც კონკრეტულ ტრანსპორტს დევნას ვერ დავუწყებთ. მთავარია, კანონი მოქმედებდეს. ყოველთვის გამოდის ახალ-ახალი სატრანსპორტო საშუალებები. გამოყენებაშიც იქნება იქიდან გამომდინარე, რომ მოქნილია. თანამედროვეობა რაც შეიძლება კომპაქტური ტრანსპორტისკენ ეწყობა. ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით.
რაც შეეხება რეკრიაციულ ზონებს, სკუტერები მსოფლიოში მიღებული ფორმაა და კარგია. გადაადგილებას აჩქარებს, ეკოლოგიურად სუფთაა და ა.შ. ასეთ ადგილებში ვფიქრობ, მეტი ელექტრო გადაადგილების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ სიჩქარის შეზღუდვა აუცილებელია. უკვე არის ისეთი თანამედროვე ელექტროსკუტერები, რომლებიც 70 კმ/საათით და უფრო მეტი სიჩქარითაც დადის.
სფერო უნდა განვითარდეს, მაგრამ არ ვემხრობი სკუტერებისა და მოპედების, “ბასლაინებზე” დაშვებას. ავტობუსების ზოლში შემომხტტარი სკუტერისა და ავტობუსების დამუხრუჭება თანაბარი არ არის. სკუტერი მცირე ზომის ტრანსპორტია და შესაძლებელია მხედველობიდან დაკარგონ კიდეც. ამიტომაც სექტემბრიდან შემოსულმა ახალმა რეგულაციამ, შეიძლება მეტი ხიფათი შექმნას”, – განაცხადა მელაძემ.
“სიენენის” ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ელექტროსკუტერების გაქირავება მთლიანად აკრძალეს. მიზეზად ასობით საჩივარი და უბედური შემთხვევები დასახელდა. “დაასრულეთ ქაოსი!” – მოსახლეობაში მსგავსი მოთხოვნა კარგა ხანია გაჩნდა და მელბურნის საქალაქო საბჭომ მხარი დაუჭირა კონტრაქტების შეწყვეტას. მანამდე იგივე მოიმოქმედეს პარიზში, ბარსელონასა და მადრიდში.
წყარო: რეზონანსი

ასევე დაგაინტერესებთ