ჩეხმა მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონის ხრტილის უნიკალური 3D ატლასი შექმნეს – გაეცანით ფოტომასალას

ჩეხმა მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონის ხრტილის უნიკალური 3D ატლასი შექმნეს – გაეცანით ფოტომასალას
ცენტრალური ევროპის ბრნოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (CEITEC) მკვლევარებმა, წარსულში, შეძლეს ზუსტად აღეწერათ ხრტილოვანი ქსოვილის განვითარება თაგვებში. ახლა მათ ეს გამოცდილება კიდევ უფრო ამბიციურ ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენეს – იგივე გააკეთეს ადამიანის ემბრიონებში.
მეცნიერები ადვილად სწავლობენ ცხოველთა ემბრიონებს, მაგრამ ადამიანის ემბრიონების შემთხვევაში, ყველაფერი არც ისე მარტივია, ძირითადად – ლეგიტიმური ეთიკური პრობლემების გამო. ეს ცოდნის დაგროვებას და პროგრესს ართულებს, რადგან XXI საუკუნის მეცნიერები იძულებულნი არიან, მე-20 საუკუნის ანატომისტების მიერ შექმნილ ნახატებსა და ფოტოებს დაეყრდნონ.
ბრნოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის რენტგენის მიკრო და ნანოკომპიუტერული ტომოგრაფიის ლაბორატორიის მეცნიერები, რომლებიც ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) უნივერსიტეტთან (UBC) თანამშრომლობენ, ამ სიტუაციის შეცვლას შეეცადნენ. ჩეხებმა კვლევაში ნოუ-ჰაუ შეიტანეს, კანადელებმა – ემბრიონები. გასული საუკუნის 80-იანი წლების ადამიანების ემბრიონები ადგილობრივ საავადმყოფოში ინახება.
ეს არის აბორტების შემდეგ დარჩენილი ის ემბრიონები, რომელთა სამეცნიერო მიზნებისთვის გამოყენებას დედებმა ანონიმური თანხმობა მისცეს. ასეთი ემბრიონები გადაიტანეს ბრნოში, სადაც ისინი მომზადდა ისეთი რბილი ქსოვილების რენტგენის გამოსახულების მისაღებად, როგორიცაა ხრტილი. ამას მოჰყვა სკანირება რენტგენის კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით, შემდეგ კი – მონაცემთა რთული დამუშავება, რომელიც ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ ხრტილებზე, არამედ სხვა რბილ ქსოვილებზეც.
ტვინის სკანერები ცხადყოფს, თუ რატომ ჭირს მოზარდებთან საერთო ენის გამონახვა. მათი წახალისების და დასჯის ცენტრი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს (ჩეხურ ენაზე)
ყველაზე რთული ადამიანის ემბრიონის გამოყენების ნებართვის მიღება აღმოჩნდა: ისინი (ადამიანის ემბრიონები) ძალზე იშვიათია, ამიტომ მათზე მუშაობის უფლების მიღება ადვილი არ არის. ამ შემთხვევაში, ბრნოელ მეცნიერებს პირადი კონტაქტები დაეხმარა: მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელმა, მარცელა ბუხტოვამ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში გარკვეული დრო გაატარა. მისმა ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯოი რიჩმანმა თავად სცადა ემბრიონების სკანირება, მაგრამ იქ არსებული აღჭურვილობა არ აღმოჩნდა საკმარისი კარგი შედეგის მისაღებად. „როდესაც რიჩმანმა თაგვის ემბრიონებთან ჩვენი მუშაობის შედეგები ნახა, მან ძალების გაერთიანება შემოგვთავაზა“, – ამბობს CEITEC-ის წარმომადგენელი.
· კომპიუტერული ტომოგრაფია არის რენტგენული კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც რენტგენის სხივები ადამიანისა და ცხოველის შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების მაღალი გარჩევადობის არაინვაზიური სამგანზომილებიანი პროექციის მისაღებად გამოიყენება. ეს მეთოდი, ძირითადად, მედიცინაშია დანერგილი და დაზიანებებისა და დაავადებების ფართო სპექტრის დიაგნოსტიკას ემსახურება. ის, ახალი წამლებისა და ვაქცინების შექმნის მიზნით, ასევე გამოიყენება ცხოველებზე ჩატარებულ პრეკლინიკურ კვლევებში.
ამ თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს ახალი კვლევა სახელწოდებით, „ადამიანის ნაყოფის ქონდროკრანიუმის 3D ატლასი შუა ტრიმესტრში”, რომელიც ჟურნალში „Nature Scientific Data“-ში გამოქვეყნდა. ეს არის განვითარების პროცესში მყოფი ადამიანის ემბრიონის ხრტილის რეალურად პირველი ყოვლისმომცველი 3D ატლასი ორსულობის მეორე ტრიმესტრში, რაც მნიშვნელოვანი დახმარებაა მეცნიერებისა და ექიმებისთვის: ნაყოფის თავის ქალაში ხრტილოვანი სტრუქტურების შესწავლა მნიშვნელოვანია ნაყოფის ნორმალური და ანომალიური განვითარების გასაგებად.
„მიღებული შედეგები გამოყენებას ჰპოვებს ბიოლოგიაში, კლინიკურ კვლევებსა და პრენატალურ დიაგნოზში. ამასთან, 3D ატლასმა შეიძლება ხელი შეუწყოს ნაყოფის მორფოლოგიის პრენატალური ტესტირების გაუმჯობესებას და მომავალში – მკურნალობის პოტენციურ სტრატეგიებს“, – აცხადებენ ნაშრომის ავტორები.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი

ასევე დაგაინტერესებთ