“სირცხვილიამ” “გამჭვირვალობის რეესტრში” რეგისტრაცია გადაიფიქრა – განცხადება

“სირცხვილიამ” “გამჭვირვალობის რეესტრში” რეგისტრაცია გადაიფიქრა – განცხადება
მოძრაობა “სირცხვილიამ” “რუსულ კანონთან” დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილება შეცვალა. ის “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” აღარ დარეგისტრირდება. ამის შესახებ “სირცხვილიას” განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების გავრცელებამდე ორგანიზაციამ რეგისტრაციაზე მოძრაობის წევრების ვიდეომიმართვა წაშალა.
სირცხვილიას გადაწყვეტილებას ქართული ოცნების წევრები აქტიურად გამოეხმაურნენ და მას მხარი დაუჭირეს, თუმცა, ვიდეომიმართვას არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა, რაც ოცნების წევრებმა ფაშისტურ ბულინგად შეაფასეს.
“კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ რეგისტრაცია ან არ რეგისტრაცია, მაინცდამაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებული არის ხელისუფლების პროპაგანდაზე” – ნათქვამი იყო ვიდეომიმართვაში.
მოძრაობაში აცხადებენ, რომ გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით აგრძელებენ.
“მოძრაობა “სირცხვილია” აუქმებს რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას. გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაც და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია .ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს. ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, “სირცხვილია” არ აპირებს ჯარიმების გადახდას. გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით ვაგრძელებთ. მადლობა თანამოაზრეებს გულწრფელი კრიტიკისა და რჩევებისთვის”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე