აშშ-ს ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ვარსკვლავს, 31 წლის ჯონი გუდროსა და მის ძმას, 29 წლის მეთიუ გუდროს, ნიუ ჯერსიში ველოსიპედებით სეირნობისას მანქანამ დაარტყა.
ძმები, რომლებიც რამდენიმე საათში თავიანთი დის ქორწილში მეჯვარეები უნდა ყოფილიყვნენ, ადგილზე დაიღუპნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მანქანის, Jeep Grand Cherokee-ის მძღოლი დაკავებულია. ის 43 წლის შონ ჰიგინსია, რომელიც ავტომანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მას მაქსიმუმ 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
Columbus Blue Jackets-მა, სადაც ჯონი გუდრო თამაშობდა, მათი გუნდის წევრისა და მისი ძმის დაღუპვას “წარმოუდგენელი ტრაგედია” უწოდა. Jackets-ის სპიკერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯონის ძმის, მეთიუს ცოლი ორსულადაა.
ჯონი გუდროს კარიერა NHL-ში 2011 წელს, Calgary Flames-ში დაიწყო. მან Columbus Blue Jackets-ში თამაში 2022-2023 წლის სეზონზე დაიწყო და იმავე წელს 12 გოლის გატანა და 48 ასისტის შესრულება შეძლო.
