უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობებს დროებით ანატოლი კრივონოჟკო შეასრულებს

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად საჰაერო ძალების დანაყოფ “ცენტრის” მეთაური, ანატოლი კრივონოჟკო დაინიშნა.
ცნობისთვის, F-16-ის ჩამოვარდნის შემდეგ ზელენსკიმ საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან მოხსნა.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის [ოლექსანდრ სირსკის] ბრძანებით, ლეიტენანტ-გენერალ კრივონოჟკო ანატოლი მიკოლაოვიჩს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დანაყოფ “ცენტრის” მეთაურს უფლება მიეცა, დროებით შეასრულოს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობა” – წერია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.
გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა სირსკიმ მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, მ 30 აგვისტოს საჰაერო ძალების აწ უკვე ყოფილი მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება გამოსცა.
ზელენსკიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 29 აგვისტოს კიევმა უკრაინული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნა და, ტრაგედიის შედეგად, უკრაინის საჰაერო ძალების პილოტის, ოლექსი მესის გარდაცვალება დაადასტურა. განკარგულების გაცემიდან რამდენიმე წუთში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ მან “საჰაერო ძალების მეთაურის ჩანაცვლება გადაწყვიტა” და ეს გადაწყვეტილება მან უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის გასაძლიერებლად მიიღო.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 26 აგვისტოს უკრაინული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნა და მისი პილოტის, ოლექსი მესის გარდაცვალება დაადასტურა. ცოტა ხნით ადრე გამოცემა Wall Street Journal წერდა, რომ F-16 26 აგვისტოს ს მასიური საჰაერო იერიშის დროს ჩამოვარდა.

ასევე დაგაინტერესებთ