ბიოლოგებმა გაზარდეს მელოტი იბისები და ახლა მიგრაციას ასწავლიან – მათთან ერთად მიფრინავენ

ავსტრიელი ბიოლოგების გუნდი მესამე კვირაა მუშაობს გადაშენების პირას მყოფ ფრინველებთან, მელოტ იბისებთან და ასწავლის მათ წინაპრების მარშრუტზე მიგრაციის უნარებს – ცენტრალური ევროპიდან სამხრეთ ევროპისკენ.
ბიოლოგები, იოჰანეს ფრიცი და ბარბარა შტაინინგერი ყოველდღიურად სხდებიან მოტოპარაპლანში, იბისებთან ერთად დაფრინავენ და გზის გაგრძელებაში ეხმარებიან.
30 აგვისტოს, ბიოლოგებმა და ფრინველებმა 100 კილომეტრზე მეტი გაიფრინეს. ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ისინი ოქტომბრის დასაწყისისთვის უნდა ჩაფრინდნენ.
მელოტი იბისები ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე 300 წლის წინ, მათზე ნადირობის შემდეგ გადაშენდნენ. ბოლო ორი ათწლეულია, ბიოლოგებმა შეძლეს ფრინველების კვლავ გაზრდა, თუმცა, მათი ბუნებაში დაბრუნება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ფრინველებმა არ იციან, საით უნდა გაფრინდნენ გამოსაზამთრებლად, იფანტებიან სხვადასხვა ქვეყანაში და იხოცებიან.
ახლა მეცნიერებს ახალშობილი იბისები აჰყავთ ზოოპარკიდან, გადაჰყავთ ისინი ვოლიერებში, სადაც მათ კონკრეტული ადამიანი უვლის. პატარა იბისები იმახსოვრებენ „მიმღებ მშობელს“, მათ ენდობიან და მზად არიან, რომ მას მიგრაციის მარშრუტზე გაჰყვნენ, – წერს The Guardian-ი.
ბარბარა შტაინინგერი ამბობს, რომ იქცევა, როგორც „ფრინველის დედა“ და თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ ურთიერთობას ამყარებს.
გამოსაზამთრებელ ტერიტორიაზე ჩაფრენის შემდეგ, ფრინველები უკვე დამოუკიდებლები ხდებიან, მრავლდებიან და თავად ასწავლიან მომავალ თაობას მიგრირებას.