„საქართველოს აბრალებდნენ ცხინვალის დაბომბვას და ეს საჩივარი შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჩემი „ფეისბუქ“ პოსტი ამას შეეხებოდა და რა გააჟღერა ბატონმა გიორგიმ? – თითქოს მე დავაბრალე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა წარმოაჩინა ცუდ კონტექსტში”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გიორგი ბურჯანაძის გამოსვლის საპასუხოდ.
“ჩემი „ფეისბუქ“ პოსტი, რომელიც აქ გაჟღერდა ეხებოდა იმას, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შევიდა 3300 – მდე საჩივარი, რომელიც იყო რუსეთის მიერ ორკესტრირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ამ 3300 საჩივარში აღმოჩნდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი საჩივარი – მე არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, დიახ, საქართველოს წინააღმდეგ, შინაარსს დააკვირდით ცხინვალის დაბომბვას აბრალებდნენ საქართველოს. ეს იყო ესეთი ბრალდება, ეს რომ დადასტურებულიყო, მე არ ვიცი ამაზე დიდი სახელმწიფო ინტერესი რა შეიძლება იყოს ჩვენი სუვერენიტეტის აღსადგენად. ჩვენ საერთოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი შეიძლებოდა, შეგვეწყვიტა. ქვეყნის ინტერესებით ნუ ითამაშებთ, ძალიან გთხოვთ, და სუვერენიტეტს ნუ შეეხებით. ცხინვალის დაბომბვას რომ დააბრალებთ სახელმწიფოს, ეს არის წითელი ხაზი. სამარცხვინო არის საკუთარი სახელმწიფოსთვის ცხინვალის დაბომბვის დაბრალება“ , – განაცხადა ბექა ძამაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საკონსტიტუციო განხილვისას.
ცნობისთვის, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჩივარი განიხილებოდა, მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის წერილი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებს უწევს დახმარებას.