საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისრაელის ბარ-ილანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა შედგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია ბარ-ილანის (ს სახელმწიფო) უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “სტუ” ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბარ-ილანის უნივერსიტეტს (BIU) წარმოადგენდნენ: უნივერსიტეტის პრეზიდენტის მოადგილე, პროფესორ მოშე ლევენშტაინი; აღმასრულებელი დირექტორი ზოარ იინონი; ბარ-ილანის უნივერსიტეტის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ოფერ დაჰანი; ამავე სკოლის აკადემიური ხელმძღვანელი, პროფესორ რივკა თუვალ მაშიაჰი, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი იაელ ტოლედანო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ეითან ოკუნი. მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილეს. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მყარი საფუძველი, ორი ქვეყანის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებს შორის კოოოპერაცია იქნება. ამ პროცესში უნივერსიტეტებს თვალსაჩინო როლი ეკისრებათ.
“ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა მრავალი საუკუნის წინ დაიწყო საქართველოს მიწაზე და სულ უფრო და უფრო მყარდება. კარგად გვესმის, რომ ურთიერთობის ერთ-ერთი მყარი საფუძველი ორი ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა. ჩვენი დღევანდელი სამუშაო შეხვედრა სწორედ ამის დასტურია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1922 წელს დაარსდა და არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, სადაც, ასევე, ისწავლება ჰუმანიტარული მეცნიერებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური მიმართულებით, მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე, გვაქვს კოლაბორაცია არიზონის უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სამეცნიერო კოლაბორაცია გვაკავშირებს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ სამეცნიერო ცენტრთან – Fermilab-თან, რომლის DUNE ექსპერიმენტში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობენ. დიდი სურვილი გვაქვს, ბარ-ილანის უნივერსიტეტთან მრავალმხრივი კოოპერაციის შესაძლებლობები გაგვიჩნდეს, გაფართოვდეს და გაღრმავდეს როგორც აკადემიური, ასევე, სამეცნიერო კოლაბორაციები და ისეთ მრავალფეროვან, გლობალურ ჭრილში წარიმართოს, როგორც ეს ევროპის, ამერიკის თუ აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უდიდეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან გვაქვს”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ბარ-ილანის უნივერსიტეტის (BIU) წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს მადლომა გადაუხადეს და სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეები მზად არიან, საქართველო-ისრაელის სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტების ლაბორატორიები კვლევით ბაზად იქნას გამოყენებული. ცნობისთვის: ბარ-ილანის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც 1955 წელს დაარსდა და მეცნიერებაში დიდი მიღწევებით ქვეყნის განვითარებაში წარუშლელი კვალი დატოვა. უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 70 სტუდენტით დაიწყო და დღევანდელი მონაცემებით იქ 17 000 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის ათი ფაკულტეტიდან ოთხი საბუნებისმეტყველო საგნებზეა ფოკუსირებული. მათ შორისაა, ინჟინერია, მედიცინა, ზუსტი მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიოფიზიკა და მათემატიკა) და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები.

ასევე დაგაინტერესებთ